ტალინის მუზეუმი „მიკელი“, 20 აგვისტომდე, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივისა და ორგანიზების საფუძველზე, ტალინის მუზეუმი „მიკელი“, 20 აგვისტომდე, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ესტონური მუზეუმისთვის ნამუშევრების გადაბარების ყველა ოფიციალური და ტექნიკური პროცედურა, რომელიც ქართველი და ესტონელი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.
ესტონური საზოგადოებისთვის 5-თვიანი გამოფენა, ოფიციალურად, 23 მარტს გაიხსნა. 22 მარტს კი დიდი ქართველი ფერმწერის ნამუშევრებს დიპლომატიური კორპუსისა და ესტონეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლობა გაეცნო. გახსნის ცერემონიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფიც დაესწრო.
მუზეუმ „მიკელის“ საგამოფენო სივრცე, 4 დღით, კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც დაეთმო, სადაც სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამა „ვხატავთ ფიროსმანს“ წარადგინეს.
23 მარტს, სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი, თამარ მელივა ესტონელი სტუდენტებისა და მსურველი საზოგადოების წინაშე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სალექციო თემით – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ წარდგა.
ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპონირება 2015 წელსაც გახორციელდა. სახელმწიფო უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით, იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტად აღიარების შემდეგ, ქართული ანბანის უძველესი სამი სახეობა, პირველად, ტალინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. ამ მოვლენის შემდეგ, ქართულ ანბანს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა მუზეუმმა არაერთხელ უმასპინძლა.