ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ დონის ვრცელი ლაბორატორიული კომპლექსის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან ეს კომპლექსი, პრაქტიკულად, ციფრული ტექნოლოგიების მთელ სპექტრს ფარავს დაერთადერთი და უნიკალურია ამიერკავკასიის მასშტაბით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში ამ დონის ლაბორატორიული კომპლექსი გაიხსნა. ეს არის ყველაზე მძლავრი ლაბორატორია, რაც კი არსებობს რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმას, ჩვენ მიერ დაანონსებულ ეროვნულ იდეას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ, ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერი ლაბორატორიები გვექნება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ლაბორატორიული კომპლექსის დათვალიერების პროცესში, პრემიერი და მინისტრი სკაიპჩართვით შვეიცარიაში მყოფ სტუდენტებსაც ესაუბრნენ, რომლებიც, ამჟამად, „ცერნში“ უნიკალურ ექსპერიმენტზე მუშაობენ.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, ლაბორატორიული კომპლექსი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით IT სფეროსა და ციფრულ ტექნოლოგიებში.
„ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია უნიკალურია ბევრი პარამეტრის გამო. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია არ არსებობს. ვფიქრობთ, რომ ეს, ასევე, უნიკალური შენაძენი იქნება ტექნიკური მიმართულების მქონე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისთვისაც. ლაბორატორიული კომპლექსი განთავსებულია 4 000 კვ.მ ფართობზე და აქ ინფორმაციული ტექნოლოგიის ყველა მიმართულებაა გათვალისწინებული. ლაბორატორიაში არის როგორც სქემატექნიკური ნაწილი, ასევე  -პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ბაზაზე შესაძლებელია 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რაც სრულიად უნიკალური მონაცემია საერთაშორისო წამყვან ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, აქ არის მთელი რიგი ლაბორატორიები, რომლებიც შექმნილია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ და მათ ანალოგი არ აქვს. უნივერსიტეტს შეემატა სერიოზული კვლევითი-სასწავლო და საექსპერტო ცენტრი სამი დანიშნულებით – სწავლა, მეცნიერება და ექსპერტიზა. შეუძლებელია, ვისაუბროთ ამ კომპლექსის რომელიმე ლაბორატორიაზე განყენებულად – ყველა ლაბორატორია ემსახურება ერთმანეთს და კომპლექსის ლოგიკური დასასრული ის ულტრათანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებია, რომლებიც მუშაობენ ცერნთან“, – აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.
ლაბორატორიული კომპლექსის დანიშნულებაა, სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვა ინფორმატიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, მართვის ციფრული ტექნოლოგიების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სისტემური ინჟინერინგის, პროგრამული ინჟინერიის, იმიტაციური მოდელირების, ბირთვული ინჟინერიის IT-ის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის უნიკალური ულტრათანამედროვე აღჭურვილობა ექსპერტული საქმიანობის განვითარებისა და საშუალებასაც იძლევა. აქ სრული შესაძლებლობაა, გახორციელდეს ციკლი – „კვლევა-პროექტირება-საინჟინრო გადაწყვეტა-რეალიზება“.
ახალ ლაბორატორიულ კომპლექსში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით გაიღრმავონ და საინჟინრო საქმიანობა აწარმოონ. კომპლექსში გამოყენებულია როგორც სასწავლო დანიშნულების, ასევე – საინჟინრო ობიექტებზე რეალური ტექნოლოგიური პროცესების მართვისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დაინდივიდუალური თუ ჯგუფური ექსპერიმენტებისა და კვლევების საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიული კომპლექსი განთავსებულია სამრეწველო არქიტექტურის სტილში შესრულებულ ოთხსართულიან ახალ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების 32 ლაბორატორიას, სტუდენტებისთვის კრეატიული და ჯგუფური პროექტების შემუშავების, პრეზენტაციებისა და სხვა დამხმარე სივრცეებს. კომპლექსში 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობის დიდი ნაწილი არის ორიგინალური – შემუშავებული და რეალიზებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები