მიხეილ გიორგაძე ფილარმონიის თემაზე: მაქვს შთაბეჭდილება, რომ ნიკოლოზ რაჭველმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა

“მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს, ისპეკულიროს ყველა დონეზე”, – ასე გამოეხმაურა განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკა რაჭველის მოთხოვნას, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სიმფონიურ ორკესტრს გადაეცეს. მისი თქმით, განცხადებები, რომ ორკესტრი უსახლკაროა, მხოლოდ სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. „კულტურის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე, პირადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა. თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად; თუმცა, მესამე წელია, ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული 2019-2021 წლებისთვის; თუმცა, თუ პროექტი არ არსებობს, ეს თანხაც ვერ იქნება გამოყენებული. ამ პერიოდში, სანამ პროექტი შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ ორკესტრი ასეთი დაჩაგრული და გაუბედურებული არ ყოფილიყო, დამატებით, სამინისტრომ 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცის დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს. რაც შეეხება ფილარმონიასთან დაკავშირებულ საკითხს – მოგეხსენებათ, სამინისტროს კომპეტენცია არ გახლავთ ეს საკითხი და ის რეგულირდება სხვა საჯარო უწყებების და კერძო კომპანიას შორის კონტრაქტით და ამ ურთიერთობაში შეჭრა ჩვენი კომპეტენცია არ გახლავთ. ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია – 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს, ისპეკულიროს ყველა დონეზე“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. როგორც ნიკა რაჭველმა განაცხადა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები