“ეტყობა, ეკა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ”, – მამუკა მდინარაძემ, შეცდომით, ბესელიას მესიჯი გაუგზავნა

“მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი ჩემთან დაკავშირებული მესიჯი, შემთხვევით, ჩემს ტელეფონზე გამოაგზავნა”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან” განაცხადა.
“თქვენთან ჩართვის წინ – ბედის ირონია ნახეთ, რა არის – მამუკა მდინარაძემ, რომელიც რამდენიმე ადამიანს უგზავნიდა ჩემთან დაკავშირებით მესიჯს, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მესიჯები მზადდება ხოლმე, გამოაგზავნა ჩემს ტელეფონზე, ჩემს “ვოთსაფში”. იქ ეწერა “ეკა ბესელია” და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ჩემზე. რომ წავიკითხე, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ შეცდომით გამოაგზავნა. იმიტომაც დამწკრივდნენ ეს უმწიკვარი ბიჭები, მართლაც არაკაცები დილიდან და აკეთებენ ჩემთან დაკავშირებით ამ სამარცხვინო კომენტარებს. ამ მესიჯში ზუსტად ის წერია, რაც გახმოვანდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ; თუმცა, მესიჯის ტექსტის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა.
მისივე თქმით, მესიჯების არევას მდინარაძის მხრიდან მოყვა ახსნები და ბოდიშები, რაც მამუკა მდინარაძემ ამავე გადაცემაში, თავის მხრივ, უარყო. ამასთან, დაადასტურა, რომ მან მართლაც შეცდომით გაუგზავნა ეკა ბესელიას დეპუტატ ნინო წილოსანისთვის განკუთვნილი მესიჯი.
“ასეთი ფაქტი იყო. ნინო წილოსანმა მკითხრა, რა მესიჯები გახმოვანდაო და ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. წინ ვეჯექი, სხვათა შორის, და, ეტყობა, ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და მას გადავუგზავნე. მე არ მომისმენია. მეუბნებიან, რომ ბესელიას უთქვამს, შემდეგ მე ბოდიშები ვუხადე, თითქოს. ასე არ ყოფილია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები