„თბილისის ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მე-5-სა და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა“

“2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-სა და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში, საინიციატივო ჯგუფისა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ კვლევა ჩატარდა. კვლევის თანახმად, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. „ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და ადასტურებს გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პრობლემის სიმწვავეს. 2019 წლის იანვარ-მარტში, საინიციატივო ჯგუფისა და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-სა და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომლის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება 2 აპრილს, სასტუმრო “იოტაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“. აღსანიშნია, რომ, პრემიერმინისტრის თქმით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ, ამ მიმართულებით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა; გახორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები