სოფიო ქაცარავა ხულოსა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ხულოსა და ხელვაჩაურის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. სოფიო ქაცარავამ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები; ასევე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.
„ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებებისა და ხედვების გაზიარება, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალ წარმატებას განსაზღვრავენ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრა დევნილი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის აქტივობების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) დიდი ბრიტანეთის საელჩოსა (პროექტი – „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში”) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (პროექტი – „ჩემი სამყარო”) მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები