ზაზა გაბუნია: საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, თვითმმართველობის რეფორმა მეორე მთავარი რეფორმაა

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველმასაპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს, პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.
სხდომის გახსნის შემდეგ, მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ზაზა გაბუნიამ მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონებისა და, ზოგადად, ქვეყნის მომავლისა და მისი განვითარებისათვის, თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით გახორციელებისათვის. მისი შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სუბიექტის მონაწილეობა.
„მივესალმები ყველა საპარლამენტო სუბიექტს, პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართული იქნებიან კომიტეტები თავიანთი დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლებიც უკავშირდებიან რეგიონულ საკითხებს, მათი სერვისების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით, მომდევნო პერიოდის განმავლობაში,, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი დეტალურად გაანალიზებს მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიას, მოამზადებს მასზე საკუთარ შეხედულებებს, მოსაზრებებს, წინადადებებს, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიულ შეთავაზებებსაც იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ორგანოს, პოლიტიკის დოკუმენტზე, რეფორმის დოკუმენტზე, ამ სტრატეგიაზე, ზოგადად, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ჰქონდეს თავისი მკაფიოდ, ფორმალურად და ოფიციალურად ჩამოყალიბებული შეხედულება. კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, დღეს საკმაოდ ინტენსიური პროცესის დასაწყისია.
ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისათვის და იმ დიდი წვლილისთვის, რაც მას აქვს შეტანილი ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერების საქმეში.
„ამასთანავე, მე მსურს, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ამ პროცესში, დღევანდელ სხდომაში მონაწილეობის მიღებისთვის. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი თვითმმართველობის გაძლიერების საქმეში როგორც სამოქალაქო სექტორიდან, ისე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, იქ თვითმმართველობამ შეიძინა ახალი და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური საფუძვლები და გარანტიები”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ, თანდათანობით, გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც უფლებამოსილებების, ასევე – რესურსების თვალსაზრისით და ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი უკეთესი მომსახურებით, განვითარების უფრო სწრაფი ტემპით, არამედ ეს ნიშნავს, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებასაც”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც კომპლექსური გეგმა სჭირდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, როგორც პროცესი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო შესაბამისი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი სათანადოდ წარიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ფართო ჩართულობით და ახლა პარლამენტის წინაშე არის წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი. გვაქვს იმის საშუალება, რომ განვიხილოთ ასევე ფართო ჩართულობით, ეს დოკუმენტი და წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები აღმასრულებელ ხელისუფლებას – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაძლიერება და, ასევე, მისთვის მატერიალური რესურსების გადაცემაა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია სწორედ მეტ უფლებამოსილებებსა და მეტ რესურსებს ნიშნავს. მისივე შეფასებით, დღეს საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს ჩამორჩება და შესაბამისად, მასთან დასაახლოებლად სერიოზული წინსვლა სჭირდება.
„არის წარმოდგენილი საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომლებიც ფარავს შემდგომ წლებს, 2025 წლის ჩათვლით და ვფიქრობთ, რომ ეს არის რაციონალური პერიოდი, რა დროსაც არის შესაძლებელი ამ საბოლოო მიზნების მიღწევა და ამ პერიოდის განმავლობაში არის შესაძლებელი როგორც კომპეტენციების, ასევე – ფინანსური რესურსების კუთხით, ევროპული მაჩვენებლების მიღწევა. გვქონდა საუბარი 7%-იან მაჩვენებელზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც არის ერთგვარი მინიმალური ევროპული სტანდარტი ფისკალური დეცენტრალიზაციის. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ, დეცენტრალიზაციის კუთხით, სერიოზულად წავიწიეთ წინ და, რეალურად, მივუახლოვდით სწორედ ევროპულ სტანდარტს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანა კომპლექსურია და, შესაბამისად, პროცესი იოლი არ იქნება. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები