სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდური სარჩელი დააკმაყოფილა

0

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს, რუსეთმა, კომპენსაციის სახით, 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი დღეს განიხილა. საუბარია ინდივიდურ მომჩივნებზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობდნენ. „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გადადო და დაელოდა დიდ პალატაში ამავე საკითხზე შესულ სხვა საქმეზე ვერდიქტის გამოტანას. „დიდმა პალატამ კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა 2019 წლის იანვარში და დაადგინა, რომ 10 მილიონი ევრო უნდა გადანაწილდეს მომჩივან პირებს შორის, სასამართლოს მიერ განასაზღვრული წესით. ანალოგიური წესი მოქმედებს ამ საქმეზეც“, – ნათქვამია ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს: ეკა ჩხაიძეს, დავით ჯაოშვილის, ვაჟა ბერძენიშვილის, აბრამ გივიშვილის, ტატო ნორაკიძეს, თენგიზ კბილაშვილის, ირინა ჩოხელს, დავით ლაცაბიძეს, ირინა კალანდიას, კახა ციხისთავს, ხათუნა ძაძამიას, ინგა გიგაშვილს, ლია ძაძამიას, ლიანა ნაჭყებიას, ლევან კობაიძესა და კობა კობაიძეს. „სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უმეტესობა პოლიციამ, ან საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა დააკავა და დააჯარიმა. ზოგიერთი მათგანი რუსეთიდან დეპორტირებული იყო, ხოლო ზოგმა თავად დატოვა რუსეთის ტერიტორია. სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა მომჩივანმა ვერ დაასაბუთა ბრალდება, კიდევ ერთმა კი საჩივარი უკან გაიტანა“, – ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც, სულ მცირე, 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით, 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12, 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც 2-დან 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში; ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს, რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდინარე წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია, ასევე, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი