სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსი არის უაღრესად ეროვნული პროექტი
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად, კანონმდებლობის დონეზე, შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო” და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ბავშვის უფლებათა კოდექსის” საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე გააცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ვიწრო ჯგუფი შეეცადა, საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და აღნიშნული კოდექსისთვის ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა.
„მზად ვარ, თითოეულ შეკითხვას ვუპასუხო. პროექტში იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გავასწორეთ. ყველა პროექტს სჭირდება დამუშავება და სწორედ იმიტომ არსებობს სამი მოსმენა კანონშემოქმედებით პროცესში, რომ, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, აღმოიფხვრას. კონსულტაციების დროს აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის არასწორად მიწოდებას. პრინციპულად ყველა ეთანხმება აზრს, რომ ეს არის ეროვნული პროექტი და არცერთი არგუმენტი არსებობს, რომელიც ამას გააბათილებს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ მსჯელობენ. საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაში დეპუტატებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.