სანდრო გირგვლიანის ბიძა: შალვა იყო ირინა ენუქიძის ადვოკატი და პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ ნაბიჯს ბევრი ვერ გადადგამდა

სანდრო გირგვლიანის ოჯახისთვის მათი ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ ირინა ენუქიძის დამ, მაია ენუქიძემ განაცხადა.
„გაოცებული ვარ. რა გითხრათ, აბა. ამ დღეებში სრულიად გაოცებულები ვართ. არ ველოდით ასეთ ნაბიჯს“, – ამბობს მაია ენუქიძე.
სანდრო გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე კი მიიჩნევს, რომ შალვა შავგულიძე ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
„ძალიან გასაკვირი და გულდასაწყვეტია. პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ ნაბიჯს ბევრი ვერ გადადგამდა და ვწუხვარ, შალვამ ეს რომ შეძლო. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ კარიერაზე, პირიქით, უარყოფითად აისახება და ამით ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ მასთან დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია და ცხადია, არც ამ გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდით. შალვა იყო ირინა ენუქიძის ადვოკატი, ირინა კი შეიწირა იმ ხალხმა, ვისთანაც შალვა შავგულიძემ ახლა პოლიტიკური ოჯახი შექმნა. დიახ, ეს უკვე ერთი ოჯახია და ჩვენთვის სრულიად გარიყულები არიან. რაც უნდათ, ის უქნიათ. ვერაფრით წარმოვიდგენდით ასეთ რამეს“, – განაცხადა გოგი ენუქიძემ.
შეგახსენებთ, რომ კუდის მაღალჩინოსნების მიერ ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა, რომელიც, ამჟამად, მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებიდან იყრის კენჭს.
ცნობისთვის, ყოფილი მმართველი გუნდის ერთმა ნაწილმა, 2017 წლის იანვარში, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და დამოუკიდებელი პარტია – „ევროპული საქართველო“ ჩამოაყალიბა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები