“არეა ექსპო 2019“ – უკვე მეორედ, უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა თბილისში

რისთვის გჭირდება ბინა? გაიზრდება თუ არა ოჯახის წევრთა რაოდენობა მომავალი 5-10 წლის მანძილზე? რა ტიპის ან გეგმარების ბინა გსურს და სად?
საქართველოს უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან იზრდება – 4-5 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ქვეყნის წამყვან დეველოპერებს, საერთაშორისო ინვესტორებსა და მომხმარებელს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ინვესტორებს, ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველსა და დეველოპერ კომპანიას ერთნაირად აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. – სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.
უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევაც, რომელმაც მსგავსი ტიპის გამოფენის ჩატარების აუცილებლობა გამოკვეთა, რაც მომხმარებელთა აქტივობითაც დადასტურდა. 2000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; ათეულობით დაჯავშნილი ბინა და მომხმარებლისა და დეველოპერ კომპანიას შორის წარმატებული პირდაპირი კომუნიკაცია სწორედ ამის დასტური გახდა.
ღონისძიებამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენები ქართული ბაზრისთვის იმ ფონზე, როცა ქართული უძრავი ქონებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და ექცევა საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ქვეშ და როცა მშპ-ს 9% სწორედ ამ ბაზარზე მოდის.
გამოფენის ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე შუალედური რგოლია დეველოპერ კომპანიასა და მომხმარებელს შორის; უწევს დეველოპერ კომპანიებს სხვადასხვა მომსახურებას – დაწყებული ბაზრის კვლევითა და კომპანიის ბრენდის შექმნით, დამთავრებული გაყიდვების მართვით და რეპორტინგით.
„თუკი შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელზე, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით“, – აცხადებს „არეა ჯგუფის“ დირექტორი და დამფუძნებელი თამარ მაშავა.
წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. ICC Georgia-ს შეფასებით ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. „საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ძალიან მნიშვნელოვანია – „არეა ექსპო 2019“ კი ამ მხრივ არაჩვეულებრივ პოტენციალს ფლობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ინვესტორებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას და მოწვევას ჩვენივე წარმომადგენლობების მეშვეობით მეზობელი და რეგიონული მასშტაბით, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში და არამხოლოდ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობასა და საქართველოში უძრავი ქონებით მათ დაინტერესებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ღონისძიების კიდევ ერთი პარტნიორია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც გამოფენაზე სახელმწიფო ქონების განმკარგავ უწყებას წარმოადგენს. მათი მონაწილეობის მიზანი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, წლების განმავლობაში ამორტიზებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანაა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც თავისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია, უჩნდება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნოს ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე.
მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი დუბაის ყოველწლიური მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენაა. ღონისძიებაში მთელი მსოფლიოდან 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და გამოფენის განმავლობაში 1200-ზე მეტი უძრავი ქონება იყიდება, საიდანაც შემოსავალი 1 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბი, ადგილობრივი ბაზრიდან გამომდინარე, მცირეა, ქართველი მომხმარებლისთვის და დეველოპერული კომპანიებისთვის საინტერესო და საჭიროა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებისა და დაგროვილი კომპეტენციის გაზიარება.
კომპანია „ოუშენ კაპიტალი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიო 15 ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს და უკვე 60 წლის ისტორიას ითვლის. კომპანია ძირითადად ნიდერლანდების, ბრიტანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და გერმანიიდან მოზიდული ინვესტიციებით ოპერირებს და ევროსტანდარტებით ხელმძღვანელობს. აღნიშნული მოდელი, რასაკვირველია, აქტიურია საქართველოსთვისაც და შედეგად მისი პროექტები განსხვავდება უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტებით, ქვაბულის მომზადების მეთოდოლოგიით, რომელიც შენობა-ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფს, ასევე, გარეთ და შიგნით შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განსაკუთრებული დაცვით.
საქართველოში „ოუშენ დეველოპერს“ ერთი დასრულებული პროექტი აქვს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამი მიმდინარე მშენებლობა, ასევე, ვაკის რეგიონში. კომპანია პრემიუმ კლასის პროდუქტს ქმნის. როგორც „ოუშენ კაპიტალის“ გენერალური დირექტორი თამარ ახალია განმარტავს, „არეა ექსპო 2019“-ში წელს პირველად მონაწილეობენ, გამოფენაზე დასრულებული პროექტით წარდგებიან და მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებენ, რასაც ჯერჯერობით სიურპრიზად ტოვებს. მისი აზრით, „არეა ექსპო“ ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსითა და ფორმატით, იძლევა ბაზრის განვითარების შესაძლებლობას და რაც მთავარია, პოტენციურ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას. მათი მოლოდინები პოზიტიურია, უფრო მეტიც, ზოგადად, მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ნაკლებად მონაწილეობენ, თუმცა ქართველი მომხმარებლისთვის გამონაკლისს უშვებენ და „არეა ექსპოზე“ საინტერესო შეთავაზებებით წარდგებიან.
შეგახსენებთ, რომ „არეა ექსპო 2019“ „შერატონ გრანდი თბილისი მეტეხი პალასში“ 4-5 მაისს გაიმართება. ღონისძიება თავს მოუყრის საქართველოს უძრავ ბაზარზე მოღვაწე დეველოპერებს, რომლებიც ამ ორი დღის მანძილზე უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს შესთავაზებენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები