ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის ამოქმედებიდან ასი დღე დასტურია იმისა, თუ რამდენად წარმატებულია რეგლამენტის რეფორმა

„გვსურს, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. ამის მთავარი წინაპირობა არის პარლამენტის გამართული, ეფექტიანი ფუნქციონირება და ახალი რეგლამენტი ამის შესანიშნავ საკანონმდებლო საფუძველს ქმნის”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციაზე – „100 დღე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ამოქმედებიდან” , სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას. „ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიის არსებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, ინსტიტუციური განვითარებისკენ და, ამ პროცესში, თითოეული ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვისებრივად გაძლიერება იყო ის ამბიციური ამოცანა, რომელიც მმართველმა გუნდმა 2016 წლიდან დაისახა. მისივე თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად დასახულ იქნა კონკრეტული გეგმა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო საკონსტიტუციო რეფორმა. „სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო ის სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით, კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არსებობდა სირთულეები პარლამენტის ორი ძირითადი ფუნქციის – საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 100 დღეა გასული, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე არის ხელშესახები შედეგები.
„2016 წელს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და ჩვენი ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება. ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ. ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში გვაქვს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები და ეს შედეგები არის თვალსაჩინო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის. მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ახალ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, თუ რამდენად არის გააქტიურებული ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარლამენტსა და მინისტრებს შორის გამართული საინტერესო დისკუსიები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს აუმჯობესებს.
„დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო ზედამხედველობასთან. ინერგება ახალი ინსტრუმენტები: მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ადასტურებს იმას, თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც, სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე”.
ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის საფუძველზე დაინერგა ახალი ტრადიცია – პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური გეგმის წარდგენა, ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.
ირაკლი კობახიძემ რეგლამენტით გათვალისწინებულ ერთერთ მნიშვნელოვან სიახლედ პარლამენტის თბილისში გადმოტანა დაასახელა და განაცხადა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის.
„რეგლამენტმა უზრუნველყო პარლამენტის თბილისში გადმოტანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხი. ის, რომ დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პარლამენტი, მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის და იმისთვის, რომ პარლამენტის იდენტობა იყოს სათანადოდ წარმოჩენილი”,- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში, რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები პრაქტიკაში აქტიურად დაინერგება. მათ შორისაა კომიტეტის თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი, თემატური მოკვლევა, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიში, საპარლამენტო ეთიკასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. მისივე განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებაზე.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს, დეპუტატებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის კაბინეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, რეგლამენტის შემუშავების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის თამარ ჩუგოშვილს, რომელიც უძღვებოდა სამუშაო პროცესს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ძალიან დახვეწილი, ძალიან ქმედითი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომ განვითარებას საქართველოში. ასევე, თამარ ჩუგოშვილის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩართული პარლამენტის რეგლამენტის შემუშავებაში. მადლობას ვუხდი საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელობას, პირადად გიორგი კახიანს. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს – რომ არა მათი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ჩვენ ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკონსტიტუციო რეფორმისა და რეგლამენტის რეფორმის მნიშვნელობას პარლამენტის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი სათანადოდ ინდა აისახოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იმიჯზე.
„იმიჯის კუთხითაც გვქონდა ჩვენ სერიოზული სირთულეები. როდესაც შევუდექით მუშაობას, კვლევების თანახმად, პარლამენტი იყო ბოლო ადგილზე ნდობის თვალსაზრისით და მას უსწრებდნენ პოლიტიკური პარტიებიც კი, რაც ანომალიური მოვლენაა ნებისმიერ ქვეყანაში. დღეს პარლამენტი იკავებს საშუალო პოზიციას, რაც არის ნორმალური მოვლენა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია -გვინდა, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის და დარწმუნებული ვართ, რომ თანდათანობით, მიზანმიმართული მუშაობით საბოლოოდ ამ მიზანსაც მივაღწევთ.
ეს ასი დღე არის დასტური იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ჩვენი რეგლამენტის რეფორმა და რამდენად წარმატებით მიიწევს წინ პარლამენტი საკუთარი მიზნების განხორციელებისაკენ”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები