“რა სახელი და გვარიც უნდა აარჩიოს „ქართულმა ოცნებამ” საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში”

“საზოგადოებას დღეს სჭირდება ცვლილება და უკეთესობა, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორებით მიიღწევა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს. “რა სახელი და გვარიც უნდა აარჩიოს „ქართულმა ოცნებამ” საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში.
ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახელისა და გვარის უკან დგას „ქართული ოცნება”. ამის უკან დგას ის პრობლემები და გაჭირვება, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ”. დგას ეკონომიკური უკუსვლა, გაძვირებული ცხოვრება, უკან წასული ცხოვრება. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მუშაობის შედეგი. ნებისმიერი კონკრეტული სახელისა და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი, ლადო კახაძე წარადგინა. „ქართულმა ოცნებამ“, დღესვე, რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები