სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. „ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და, ასევე, ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას. სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა – საშუალოვადიანი და ხანგრძლივვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება გახორციელებული. ასევე, არის საკითხები, რომელთა გხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ასევე იმპლემენტაციაში, ჩართულია როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე – მისი ერთ-ერთი გამახორციელებელი უწყება – სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე, დამატებით, შექმნილია მართვისა და კოორდინაციის ინსტრუმენტი; სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები. ამ დრომდე, სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია; ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილს სჭირდება გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტა. როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა; თუმცა, ამით სოციალური სამუშაოს გახორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან, დღეიდან, სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები