ილია ელოშვილი გლდანში ახალი კორპუსის მობინადრეებს პასუხობს – „არანაირი სკვერი იქ არ უნდა ყოფილიყო“

0

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გლდანში, ნანეიშვილის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა.
„ნებართვა გაცემულია სამი კორპუსის მშენებლობაზე. არანაირი სკვერი იქ არ უნდა ყოფილიყო. მოსახლეობა პირველ–ორ კორპუსში უკვე შესახლდა და მათ წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ის, რომ იქ სკვერი უნდა ყოფილიყო, არასწორია. იქ უნდა ყოფილიყო უფრო დაბალსართულიანი სხვა ფუნქციის მქონე, კომერციული ფართებით დატვირთული შენობა.
2018 წელს მშენებელმა ერთადერთი, რაც გააკეთა, შენობას ფუნქცია შეუცვალა და უფრო საცხოვრებელი გახადა. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს და მათ თითქოსდა, ერთმანეთში ჰქონდათ შეთანხმება, რომ შენობისთვის ფუნქცია არ უნდა შეცვლილიყო. ჩვენ ამას აუცილებლად გადავამოწმებთ.
არის საშუალება, რომ მოსახლეობამ აღნიშნული მერიის დავების გადამწყვეტ ორგანოებში გაასაჩივროს. პირველ რიგში, უნდა მიმართონ გამგეობას. თუკი დადასტურდება, რომ მშენებელმა რაიმე ვალდებულება არ შეასრულა მოსახლეობის წინაშე, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ელოშვილმა.
გლდანში, ნანეიშვილის 23 ნომერში, მოსახლეობამ დღეს კორპუსის მშენებლობა აქციით გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, თავის დროზე, საცხოვრებელი სახლები იმ პირობით იყიდეს, რომ იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ახალი კორპუსი შენდება, სკვერი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი