ლევან დავითაშვილმა ბრაკონიერების მიერ დაჭრილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი მოინახულა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საავადმყოფოში მოინახულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე, რომელიც 22 მარტს გურჯაანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბრაკონიერებმა დაჭრეს.

ბესიკ შუბითიძე სამოქმედო ტერიტორიის გეგმიური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. პაციენტს  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სხეულის მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია და  მკურნალობას აგრძელებს .

ბესიკ შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან დავითაშვილთან ერთად, მისი მოადგილე – იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გამოკეთდება. უნდა აღვნიშნო, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება პრინციპული, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისათვის, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით  ისჯება.

კომენტარები

კომენტარი