შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

0

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მან და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა სტუმრებს უწყების ძირითადი ამოცანები გააცნეს და მათთან ერთად ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვხვეწთ ე.წ. დღგ-ის დაბრუნების მოდულს, რათა მოთხოვნის შესრულება მოხდეს წადგენისთანავე”, – განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
მისივე თქმით, საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია სწორად შემუშავდეს რისკების შეფასების კრიტერიუმები და სწორად გაანალიზდეს რისკის მართვის პროგრამა. როგორც მან აღნიშნა, ეს ყოველივე დაზოგავს როგორც უწყების, ისე ბიზნესის დროს და რესურსს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და სტუმრებს ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, 14 ბიზნესასოციაციის, კერძოდ: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რესტორანთა ასოციაციის, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ასოციაციის, ბიზნესლიდერთა ასოციაციის – “ქალები მომავლისთვის”, საზღვაო ბროკერებისა და აგენტების ასოციაციის, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს დამოუკიდებელ ლაბორატორიათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შემოსავლების სამსახურის უფროსმა 20 მარტს გამართა.

კომენტარები

კომენტარი