“ჩვენ ხომ თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებს და არსად ხდება კრიმინალის გაშუქება ასე; ხდება, სადღაც, გამოშვების ბოლოს”

0

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ​ნუმბეოს რეიტინგს, რომელშიც უსაფრთხო ქვეყნების რიგში საქართველო დაწინაურდა და მე-6 ადგილზეა 118 ქვეყანას შორის, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ყველა რეიტინგი მნიშვნელოვანია.
თუმცა, ექსპერტი ქვეყანაში არსებულ არასწორ ტენდენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სხვადასხვა თემის ზედმეტად პოლიტიზირება და ისე წარმოჩენა ხდება, რომ თითქოს პოლიცია უსუსურია კრიმინალის წინააღმდეგ. “საერთოდ, ნებისმიერი რეიტინგი რაღაც კრიტერიუმებით დგება და ყველა რეიტინგი მნიშვნელოვანია; თუმცა, ჩვენ ისე ვართ პოლიტიზირებული და ისე ვიყენებთ ყველაფერს პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომ გვირჩევნია, სხვა ფონი შევქმნათ, ვიდრე ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ უფრო უსაფრთხო იყოს ქვეყანა. ჩვენთან, პირიქით, მოსახლეობის დათრგუნვა ხდება და ზედმეტად, გადაჭარბებულად შუქდება კრიმინალი. ხდება ზედმეტად პოლიტიზირება თემისა და იქმნება ისეთი განცდა, რომ პოლიცია უსუსურია კრიმინალის წინააღმდეგ, რაც ახალისებს კრიმინალს. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სამუშაო არის, მაგრამ მთელი საზოგადოების პრობლემა უნდა იყოს ეს და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერაფერს გახდებიან. ის, რომ მსგავს რეიტინგებში ასეთ მაღალ საფეხურს იკავებს სახელმწიფო, არ არის შემთხვევითი. ამ რეიტინგებს მოჰყვება, ალბათ, მეთოდიკა და განმარტებები, თუ რის საფუძველზე იქნა შედგენილი და უნდა გახდეს ეს მსჯელობის საგანი. ჩვენ ხომ თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებს და არსად არ ხდება კრიმინალის გაშუქება ასე; ხდება, სადღაც, გამოშვების ბოლოს – ისიც, თუ რაიმე ძალიან მძიმე შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენთან ეს სიტუაცია გამოიყენება პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ – ამ შემთხვევაში, ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჩვენ ვადევნებდით თვალს, როგორ შუქდებოდა წინა ხელისუფლების დროს – თითქმის საერთოდ არ შუქდებოდა. იყო სპეციალური გადაცემები პოლიციის შესახებ, სადაც პოლიციის პოპულარიზაცია ხდებოდა და ახლა პირიქით ხდება – უკუპროცესთან გვაქვს საქმე. არცერთი გადაცემა არის არცერთ მედიასაშუალებაში, სადაც სამართალდამცავი ორგანოებისა და, ზოგადად, პოლიციელის პოპულარიზაცია ხდებოდეს. პირიქით, კრიმინალის პოპულარიზაცია უფრო ხდება ამ ზედმეტი აჟიტირებით. სტატისტიკა და რეიტინგები მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ეს მოქმედებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის – ტურისტების მოზიდვაზე”, -აცხადებს სალუქვაძე. კითხვაზე, რეალურად, რამ გამოიწვია, რომ, 2018 წლის მაჩვენებელი წვრილმანი დანაშაულების 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, სალუქვაძე აცხადებს, რომ აღნიშნულს, შესაძლოა, უამრავი მიზეზი ჰქონდეს.
“მიზეზი ბევრია. უამრავი რამ შეიძლება, ჩამოითვალოს. პირველ ყოვლისა, დავიწყებ შინაგან საქმეთა სამინისტროთი. მე არ მივიჩნევ, რომ რაღაც სერიოზულად გაუარესდა იქ საკადრო პოლიტიკა, პროფესიონალიზმი და ა.შ. იგივე ხალხი მუშაობს, ვინც ადრე მუშაობდა. მაგრამ არის რაღაც გარემოებები საზოგადოებაში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი იყო ამნისტია; შემდეგ აბსოლუტურად გაუაზრებელი შეწყალების პოლიტიკა, რაც გატარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში – 3500 თუ 4000 ადამიანი იქნა შეწყალებული. ჯერ ერთი, საერთოდ, გამჭვირვალედ არ ხდებოდა ეს ყველაფერი. მეორეც, რამდენიმე ხმაურიანი შეწყალება გაიგო საზოგადოებამ და ყველა ეხებოდა კრიმინალს, ანუ ადამიანები, რომლებმაც არ მოიხადეს არათუ ნახევარი სასჯელი, არამედ ზოგი, საერთოდ, ახალგასამართლებული იყო. ეს სტატისტიკა ცალკე შესასწავლია, დახურულია. მაგრამ ის ფაქტები, რაც გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, მიგვანიშნებს, რომ ძალიან ბევრი კრიმინალი იქნა ვადაზე ადრე გამოშვებული. ანუ პოლიცია დასდევს, შემდეგ სასამართლო ასამართლებს და ვიღაც მასობრივად, კონვეირულად გარეთ უშვებს. მესამე ფაქტორია არასრულწლოვანთა დანაშაულები – ეს ძალიან მომატებულია. აქ საზოგადოება შეიძლება, წავიდეს გამკაცრებაზე, მაგრამ სხვა რეალობა და უკუშედეგი შეიძლება მივიღოთ. მე არ ვარ მომხრე, რომ 10-12-14 წლის ბავშვები ციხეში ჩავყაროთ. ეს ცალკე საფიქრალი თემაა და მთელს მსოფლიოსი ამას, როგორც წესი, მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ უმკლავდებიან. ასევე საზოგადოების ჩართულობაა საჭირო – სკოლა, ოჯახი, მედია და ა.შ. ჩვენ, ამ კუთხით, საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ სივრცეში აბსოლუტურად არაფერს ვაკეთებთ, აბსოლუტურად არაფერს. პროფილაქტიკის გარეშე თუ ვინმემ სადმე, რომელიმე ქვეყანაში წარმატებას მიაღწია, მე არ ვიცი. პროფილაქტიკა უნდა იყოს N1 და მეორე არის უკვე სამართალდამცავი უწყებები. მოქმედებს, ასევე, ეკონომიკური ფონი, რომელიც საერთოდ არ ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარკვეული მიმართულებებით, კრიმინალი მართლაც მომატებულია. სტატისტიკა, რა თქმა უნდა, შეცვლილია და მეთოდიკაც შეცვლილია. აბსოლუტურად ყველაფრის, დარღვევაზე ნებისმიერი ზარის აღრიცხვა ხდება და ეს, რა თქმა უნდა, დადებითია. მიჩქმალვას ყოველთვის სჯობს, რომ საზოგადოებამ იცოდეს რეალური სურათი და როცა ყველაფერი ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკა იმატებს. მთავარია, გახსნის პროცენტები როგორ არის. არის რთულად გასახსნელი დანაშაულები და არის დანაშაულები, რომელიც რამდენადაც რთული უნდა იყოს, მაინც იხსნება. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს – მე რაც ვნახე სტატისტიკა, გახსნის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მატება. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. საჭიროა, პირველ ყოვლისა, კვალიფიციური ანალიზი და, შესაბამისად, ზომების მიღება ამ მიმართულებით. ეს არ უნდა იყოს რაღაც ნიშნისმოგებისა და პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირების თემა. მეორე, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკა – პროფილაქტიკაში უნდა იყოს ჩართული მთელი საზოგადოება და ყველა სფერო, როგორც სამართალდამცავები, ასევე – სკოლა, ოჯახი, მედია, სოციალური მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. პროპაგანდა უნდა მიდიოდეს ნორმალური, საღი, ჯანსაღი ცხოვრებისა და არა – კრიმინალის. როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო უძლურია კრიმინალის წინააღმდეგ, ამით რას ვაკეთებთ კარგს? გავაქცევთ, დავუშვათ, შინაგან საქმეთა ერთ მინისტრს; მოვა მეორე და გავაგრძელებთ იმავეს”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი