სამგორის რაიონში, გიორგი ტყემალაძე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

0

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან, კახაბერ გულედანთან ერთად ორხევის დასახლებასა და სოფელ ნასაგურში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. „მოსახლეობასთან შეხვედრებზე არაერთხელ გვისაუბრია დასახლებებში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის იყო გზის დაგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. სოფელ ნასაგურში, ამ ეტაპზე, შიდა გზების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. სამგორის რაიონის გამგებლის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, სოფელ ნასაგურში 3 ქუჩასა და 3 შესახვევში ალფასტის საფარის დაგება, ჯამურად, 9 ათას კვ.მ-ზე მეტ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ნასაგურში გზის დაგების სამუშაოებს შპს „ბი ემ სი გრუპი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი, 648 ათასი ლარია.
ცნობისათვის, ორხევის დასახლებაში მუხაძის ქუჩაზე 500 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო, სადაც საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატური და საბაღე სკამებია განთავსებული. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მუხაძის ქუჩაზე სპორტული მოედანი გაკეთდა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სტადიონი 529 კვ.მ-ზეა განთავსებული. პარკის მოწყობა ორხევის დასახლებაშიც, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც 3 000 კვ.მ. ფართობზე ატრაქციონები, ფიტნეს ტრენაჟორები და გარე განათების ბოძები მონტაჟდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, 13 000 კვ.მ გამწვანებული ფართობი მოწესრიგდა, ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირებისა და ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები. დასასვენებელი პარკის მოწყობა მარტის ბოლომდე დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი