ირაკლი კობახიძე: ის კატეგორიები, სადაც დანაშაულის სტატისტიკა იზრდება, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სათანადო ცვლილებებს საჭიროებს

0

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა.
“ჩვენ მოვისმინეთ დღეს ინფორმაცია პრემიერმინისტრისგან და მას ახლდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის გარკვეული კატეგორიები დანაშაულების, სადაც არის მზარდი სტატისტიკა. არის კატეგორიები, სადაც არის შემცირებული. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება სტატისტიკა და ეს საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი მხრიდან და, ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა. ამას სჭირდება ცვლილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში იცით, რომ გიორგი გახარია ამ ცვლილებებს ახორციელებს დღიდან მისი დანიშვნისა და ეს, საბოლოოდ, უნდა აისახოს, რა თქმა უნდა, სტატისტიკაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრება, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს მსჯელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ამაზე მსჯელობა არის, ზოგადად, საჭირო. რა მოხდება, კონკრეტულად როგორ შეიცვლება კანონმდებლობა, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსჯელო საკითხი”,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი