მიხეილ ბატიაშვილი: საბაზისო ხელფასი ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება

0

პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებით, პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება და სტატუსის დანამატი.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა შემდეგ პრობლემებს იწვევს – არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდური მუშაობა და სხვა.

„მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე. განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟისა და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, – რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომელშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან. მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი