იაგო ხვიჩია: სესიაშვილი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფთან მოლაპარაკებებს მართავს, მათ ვეუბნები, არ წამოეგონ ამ ანკესზე

0

პარტია „გირჩის“ ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხვადასხვა კონფესიის ლიდერებს კულუარულად ესაუბრება და ცდილობს, დაითანხმოს კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა „ბიბლიური თავისუფლებისა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით „გირჩის“თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ „ბიბლიური თავისუფლების“ მრევლისგან, იცით, რომ ჩვენ ვათავისუფლებთ ყველა კონფესიის ადამიანს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. ჩვენი მღვდელმსახურები არიან ადამიანები, რომლებიც არიან სხვა ეკლესიის, მათ შორის სასულიერო პირების ოჯახის წევრები, ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტულები ნებისმიერი ტიპის ადამიანთან დაკავშირებით. არ ვასხვავებთ ადამიანებს მათი რელიგიური კუთვნილების მიხედვით. ამიტომ, ჩვენ ადვილი სამეგობრო ხალხი ვართ ყველა ასეთი ადამიანისთვის და გვყავს მეგობრები მათ შორის. აქედან გამომდინარე , არ გვაქვს პრობლემა ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს თავს .
გეტყვით, რა ხდება ჩვენს თავს და როგორ ფიქრობენ, რომ გვებრძოლონ. მთელი ეს პროცესი ორკესტირებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ . სესიაშვილი არ არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე , ამ ბრძოლაში მოწინაარმდეგე არის საპატრიარქო, რომელიც საკუთარი ავატარების მეშვეობით ჩნდება ამ რძოლაში და თავად ფრონტის პირველ ხაზზე არ არის.
ამ წუთას გეგმა ასეთია: უნდა მიიღონ კანონი რელიგიის შესახებ, სადაც უნდა განსაზღვრონ, რა არის რელიგია. სესიაშვილის მოლაპარაკების პროცესი სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დაარწმუნონ, რომ რელიგია არიან მხოლოდ თვითონ და საჯაროდ ათქმევინონ, ან თავი დააქნევინონ თანხმობის ნიშნად იმ თეზისზე , რომ „ბიბლიური თავისუფლება“ არ არის რელიგია და ისინი არიან რელიგიები. მინდა, ვუთხრა ამ რელიგიურ ჯგუფებს, არ წამოეგონ ამ ანკესზე. ეს არ იქნება მათი მხრიდან მორალური საქციელი . ის რაც დღეს ზოგადად „ბიბლიურ თავისუფლებას“ შეეხება, ხვალ მათ შეეხებათ.
ეს პროცესი კონსტიტუციის საწინააღმდეგო პროცესიცაა. ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც. მინდა, წაგიკითხოთ ერთი ფრაგმენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან : „სახელმწიფომ არ უნდა სცადოს რელიგიის, ან რწმენის განსაზღვრა , ეს ცნებები , ანუ რელიგია მოიცავს: ათეისტებს, აგნოსტიკოსებას, სკეპტიკოსებს და ამ საკითხისადმი გულგრილად განწყობილ პირებს და შესაბამისად იცავენ ყველას , სწამს, ან არ სწამს ღმერთი და მისდევს თუ არა აღმსარებლობას, ამის მიუხედავად. რელიგია ან რწმენა ,ძირითადად, პირადული და სუბიექტურია. აუცლებელი არ არის მათი დაკავშირება რელიგიური ინსტიტუციით მოწესრიგებულ რწმენასთან“. ეს აქვს ნათქვამი ევროპის სასამართლოს. ჩვენ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და რისი უფლება აქვს სახელმწიფოს. მინდა, წინასწარ გავაფრთხილო ბატონი სესიაშვილი და მისი ამფსონები საპატრიარქოდან , რომ ეს არ გამოვა. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ქართველი ერი პატივს სცემს, დასავლურ ღირებულებებს და მათი სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
გარკვეულწილად ,მადლობასაც კი ვეტყვი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც არ აყვნენ ბატონ სესიაშვილს ამ ბოროტების გავრცელებაში, არ თქვეს , ყოჩაღ, ბატონო ირაკლი, რა ჭკვიანური რაღაც მოგიფიქრებიათო. რაც მე მაფიქრებინეს, რომ ეს არ იყო „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და აბსურდული უწოდა.
„ორი დღის წინ შევხვდი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს. შემიძლია გითხრათ, რომ მათ გამოხატეს თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულება კანონის შესაბამისი მუხლით „გირჩის“ მიერ არაკეთილსინდისიერად სარგებლობის გამო. . რაც შეეხება სხვა აბსურდულ ბრალდებებს , ამ ორგანიზაციებისგან მე არ მიკვირს, ისინი გადასულები არიან თავის დაცვაში და რეალურად ყველამ ვიცით , რომ ეს არის მავნებლობა. მავნებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების და ქვეყნის ინტერესებს”,-განაცხადა ირაკლი სესაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.
„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროეტი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ არის მიმართული.“ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
„ეს რელიგია შეიქმნა ადამიანების მონობისგან დასაცავად. 2 წელიწადში ბიბლიურმა თავისუფლებამ 1 წლიან მონობას, ცხოვრების, კარიერის, მომავლის დანგრევას გადაარჩინა 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა”- აცხადებენ პარტიაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი