ციხის იმ ყოფილი თანამშრომლების გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებიც გლდანის ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა
“პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების ო.ფ.-ს, ნ.მ.-ს, მ.ღ.-ს, ზ.ხ.-ს, ვ.გ.-ს, დ.ჩ.-ს და დ.ნ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებასა და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ განურჩევლად ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შემდგომ პერიოდშიც, ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.
მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად, პატიმრებს, უკანონოდ, შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. მათ, ასევე, შეზღუდული ჰქონდათ ძილისა და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, პატიმრებს აიძულებდნენ, თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.
ასევე, დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანასა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით, ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ.-მ და მ.ღ.-მ გაახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული ძალადობის შედეგად განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ო.ფ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (წამება) და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა თავისუფლების 5 წლით აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების 7 წლით და 6 თვით აღკვეთა. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. აღსანიშნია, რომ ო.ფ. მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, მას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დაუდგინდა თავისუფლების 9 წლით აღკვეთა.
მ.ღ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (წამება) და განესაზღვრა თავისუფლების 9 წლით აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა თავისუფლების 4 წლით აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების 6 წლით და 9 თვით აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ამავე განაჩენით, ნ.მ., ზ.ხ., ვ.გ., დ.ჩ. და დ.ნ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და განესაზღვრათ თავისუფლების 4 წლით და 4 თვით აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მათ, საბოლოოდ, განესაზღვრათ თავისუფლების 3 წლით და 3 თვით აღკვეთა. ასევე, 2 წლით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.