სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

0

მიმდინარე წლის 19-20 მარტს, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ ბიუროში, რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ფორმატია აღნიშნული რეგიონის საავიაციო უწყებებისთვის, ორმოცდაათამდე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების (EASA, EUROCONTROL, ECAC, EU DG MOVE) პირველი პირები ესწრებოდნენ. როგორც “კვირას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით ICAO-ს გენერალური მდივანი, დოქტორ ფანგ ლიუ და პარიზის ბიუროს რეგიონალური დირექტორი, სილვია გერერი წარსდგნენ. შეხვედრის თავმჯდომარედ პორტუგალიის საავიაციო ხელისუფლების აღმასრულებელი დირექტორი, ლუის მიგელ სილვა რიბეირო აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის კანდიდატურა ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. პორტუგალიისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის ფორმატს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ. თავის გამოსვლაში, სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ლევან კარანაძის თქმით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება EURNAT-DGCA ფორმატით გათვალისწინებულ საქმიანობაში და ეცდება, დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონის სამოქმედო გეგმით (2020-2022წწ) განსაზღვრული აქტივობების გახორციელებაში. ამასთან, სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს მიღებულ შესაძლებლობას ევროპულ საავიაციო ინტიტუტებთან და ხელისუფლებებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, წევრი სახელმწიფოს სტატუსით, ქართულმა დელეგაციამ განსახილველად, ასევე, საავიაციო უშიშროებისა (AVSEC) და ფორმალობების გამარტივების (Facilitation) საკითხი გაიტანა. თავის მხრივ, ICAO-ს პარიზის ბიურომ დადებითად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიური ჩართულობა “No Country Left Behind” (NCLB) ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს სპეციალისტები გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ პარტნიორ საავიაციო ხელისუფლებებს. ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა, (EURNAT-DGCA Meeting) პირველად, 2017 წელს ჩატარდა. მაღალი დონის ფორმატის მიზანია კოორდინაციის გაუმჯობესება და პროცესების ჰარმონიზაცია რეგიონალურ დონეზე, ასევე – ევროპული სამუშაო ჯგუფების (EANPG, NAT SPG, RASG-EUR, ENAVSECG) საქმიანობის შეფასება, შესაბამისი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და აღსრულების ხელშეწყობა. საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირების შეხვედრები, ამ ეტაპზე, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

კომენტარები

კომენტარი