კოსტავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, „ალი და ნინოს“ ავტორის, ცნობილი მხატვრის სახლი დაიწვა

0

კოსტავას ქუჩაზე N 12-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, „სიყვარულის ქანდაკების – „ალი და ნინოს“ ავტორის, ცნობილი მხატვრის, თამარ კვესიტაძის სახლი დაიწვა.
ამის შესახებ “კვირას” სასტუმრო “გუცას” მეპატრონემ გოგუცა ჩხიკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სახლში, ამჟამად, მხატვრის რძალი და შვილიშვილი ცხოვრობენ, თავად მხატვარი კი საფრანგეთშია.
როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ, ხანძრის შედეგად, საოჯახო ტიპის სასტუმრო „გუცა“ დაიწვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, სასტუმრო შენობის მეორე სართულზეა განთავსებული, ცეცხლი კი მე-4 სართულზე გაჩნდა. „მე სასტუმროში ვიყავი. კომპიუტერთან ვიჯექი. შენობაში სინათლე ჩაქრა. მერე ისევ მოვიდა და ციმციმი დაიწყო, მერე ისევ ჩაქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, სახლიდან ყვირილი გაისმა – „ცეცხლი, ხანძარიაო“.
სასტუმროში ქუთაისიდან მოჭადრაკეები მყავს. სასწრაფოდ დავტოვეთ შენობა. ახლა ეზოში ვზივარ. ცეცხლი მე-4 სართულზეა გაჩენილი. არ ვიცი, სახლში იყო თუ არა ვინმე. ჩემს სასტუმროში არაფერი ხდება. ჩვენ მეორე სართულზე ვართ. ამავე სართულზე ცხოვრობენ ჩემი შვილებიც”, – განუცხადა „კვირას“ გოგუცა ჩხიკვაძემ, რომელიც 23 წელია, ამ შენობაში ცხოვრობს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, შენობის მე-4 სართულზე კიდევ ერთი მოსახლე, მაია სოხაძე ცხოვრობს, რომელსაც კუთვნილი ბინა უცხოელებზე აქვს გაქირავებული. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა ებრძვის. ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს ებრძვიან. არსებული ვითარების გამო, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი