ფადი ასლი: თუ არ შეწყდება ზეწოლა „თიბისისა“ და „ომეგა ჯგუფზე“, სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტებს გავაფრთხილებთ

0

“თუ, უახლოეს დღეებში, არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის – “თი ბისიის –მიმართ” და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ფადი ასლის წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს.
“ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებით შემცირებას ექნება ადგილი. ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შენელება ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მშენებლობის, უძრავი ქონებისა და სამომხმარებლო საქონლის სექტორზე. აღნიშნულ სექტორებში, ველოდებით გაკოტრების კასკადს. ეს გაკოტრებები კი უეჭველად მოახდენს ზეგავლენას ქვეყნის კომერციულ ბანკებზე. 2016 წელს, მაშინდელი პრემიერმინისტრის – კვირიკაშვილის მხარდაჭერისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შევქმენი საკონსულტაციო ფირმა სახელწოდებით Channel Georgia. ფირმა მიზნად ისახავს GCC ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინების გაზრდას. 2018 წლის ივნისიდან, GCC ქვეყნების ინვესტორთა მიმართ მთავრობის ქსენოფობიური პოლიტიკის გამო და ჩვენს ინვესტორებთან შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ, ეს ინვესტორები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გადაგვეყვანა. 2018 წლის ზაფხულში, საქართველოში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების მიზნით, ჩვენმა ფირმამ წამოიწყო ევროპული საინვესტიციო ფონდის შექმნა. 18 თებერვალს, “თიბისის” წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ, ჩემს გუნდს მივეცი განკარგულება, გაეყინა ეს ფონდი. თუ მე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოში, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და არ მიმაჩნია საიმედოდ ჩემს ქვეყანაში ინვესტირება, როგორ უნდა მოვუწოდო ამის გაკეთება უცხოელ ინვესტორს? ძვირფასო პრემიერმინისტრო – საერთაშორისო სავაჭრო პალატის დღის წესრიგი ითვალისწინებს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობასთან კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არამც და არამც ბიზნესის კლიმატის, ან რომელიმე ჩვენი წევრი კომპანიის ხარჯზე, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურები, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ახორციელებენ ზეწოლას. წელს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესორგანიზაცია ვართ. ჩვენს რიგებში, მსოფლიო მასშტაბით, 6 მილიონზე მეტი საწარმო ერთიანდება და აქტიურად წარმოვადგენთ 140 ქვეყანას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ G8–თან, G20– თან, მსოფლიო ბანკთან, მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, WTO-თან; ასევე, წარმოვადგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმოქმედ წევრ–დამკვირვებელს. თუ, უახლოეს დღეებში, არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის – “თი-ბი-სის” –მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება; თუ ჩვენს წევრს – “ომეგა ჯგუფს”– არ მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეული რეჟიმით, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და, მსოფლიოს მასშტაბით, გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ. თქვენთვის ცხადია, ალბათ, რომ ამას საქართველოში ინვესტირებისა და ქვეყნის რეპუტაციის კუთხით დამანგრეველი შედეგები მოჰყვება; ICC- საქართველო არასდროს მისულა მსგავს უკიდურესობამდე, მაგრამ ვხედავთ, რა განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მიმართ. ჩვენ ვეღარ დავხუჭავთ თვალებს და ვეღარ გავხდებით მოწმენი სხვა უდანაშაულო ბიზნესის შევიწროებისა და ზეწოლისა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესრისკების შესახებ”, -აღნიშნავს ფადი ასლი.

კომენტარები

კომენტარი