გუგული მაღრაძემ, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრა გამართა

0

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გუგული მაღრაძემ, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას ეხება, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების ექსპერტები, სხვადასხვა კოლეჯის, პროფესიული განათლების პროფკავშირის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გუგული მაღრაძემ შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის ახალი საზედამხედველო ფუნქციის, მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თემატური მოკვლევისთვის განსაზღვრული თემის აქტუალობაზე ისაუბრა.
„ახალი რეგლამენტით, პარლამენტს გაუჩნდა ახალი შესაძლებლობა იმისა, რომ ის საკითხი, რომელიც დღეს და ხვალ საკანონმდებლო რეგულაციაში არ არის და კანონი არ არის – მაგრამ ასახავს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, რომელიც მოითხოვს გარკვეულწილად პარლამენტის დონეზე ზედამხედველობას – თემატური მოკვლევის თემად ავირჩიოთ, შევისწავლოთ და რეკომენდაციები შევიმუშაოთ და ისინი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, კონკრეტული ორგანიზაციებისთვის სავალდებულო შესასრულებელი გავხადოთ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისი თქმით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ზოგადად, ქალთა აქტივობის, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობის გაზრდაზე, მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს. მაღრაძის განცხადებით, სწორედ მუშაობის დროს გამოიკვეთა საკითხთა ის წრე, რომლებიც დღეისათვის მართალია საკანონმდებლო უზრუნველყოფას შეიძლება არ საჭიროებენ, მაგრამ აუცილებლად მოსაგვარებელია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ საკითხების მოგვარებაში იყოს ჩართული.
გუგული მაღრაძის ინფორმაციით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სხვადასხვა პრობლემის შესწავლისა და 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ მორიგი თემატური მოკვლევა დაეწყო თემაზე – პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მისი თქმით, ამ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია სამთავრობო პოლიტიკის, რეგიონული განვითარების სტრატეგიებისა და ადგილობრივი პოლიტიკის შესწავლა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა მოხდეს.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა გენდერული თანასწორობისთვის. ამასთან ერთად, განათლება და მასზე ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და რეალიზაციაზე. ქალთა დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობების შესაძლებლობების განვითარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 51% ქალია, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში არ არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ქალებისა და გოგონების კარიერისათვის და, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევისათვის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის დღევანდელი რეალობა მეტი კვალიფიციური სპეციალისტის საჭიროებას ითხოვს და საკითხი ასე ისმის, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს პროფესიული განათლება გოგონებისა და ქალებისათვის.
გუგული მაღრაძემ, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრმა ირინა ფრუიძემ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის უფროსმა მენეჯერმა თეონა ყუფუნიამ, ექსპერტმა ანა წურწუმიამ საპარლამენტო მოკვლევის პროცესში მონაწილეობით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატური მოკვლევის ჯგუფის ფუნქციები, მიზნები და თემატური მოკვლევის განხორციელების პროცესის დეტალები გააცნეს.
ამავდროულად, საპარლამენტო თემატური მოკვლევის გახორციელების პროცესის თვალსაჩინოებისთვის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრობლემის შესწავლის, მისი გადაჭრის გზების ძიებაში სამოქალაქო საზოგადოების, სპეციალისტების ჩართულობას, რადგანაც მათ უშუალო შეხება აქვთ პრობლემასთან.
„აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობა, ვინაიდან ადგილებზე არსებული პრობლემები მათთვის უფრო ხელშესახებია. აუცილებელია ნებისმიერი მოსაზრება მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება და ამ მიზნით თემატური მოკვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს მექანიზმი იძლევა შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებიც მიეცეს და პარლამენტმა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე რეაგირებაც მოახდინოს “, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ყველა დაინტერესებულმა პირმა მოსაზრებები და წინადადებები თემატური მოკვლევის ჯგუფს 29 მარტამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გაიმართება ზეპირი მოსმენა ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. დასკვნით ეტაპზე კი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს დასკვნასა და რეკომენდაციების პროექტს, რომელიც წარედგინება გენდერული თანასწორობის საბჭოს.
პროექტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი