ნატალია ჯალიაშვილმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე კონფერენცია გახსნა

0

კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით გაიმართა, მთავარი განსახილველი თემები ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები და მიღწევები იყო, ასევე – ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი გახორციელება საქართველოში.

მრგვალი მაგიდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში – კრისტიან ურსემ და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა – ნატალია ჯალიაშვილმა გახსნეს. სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ლანსატორის კონვენციისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას ქვეყანაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

ლანსაროტის კონვენციაზე, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების გაძლიერების ინსტრუმენტზე ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.

ლანსაროტის კონვენცია სახელმწიფოებისგან ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საერთო რეაგირებას ითხოვს „4 პ მიდგომის” გამოყენებით, რომელიც გულისხმობს პრევენციას, დაცვას, დევნასა და ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას. მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა ლანსაროტის კონვენციის გაცნობა შესაბამისი ორგანოებისა და პროფესიონალებისთვის, ეროვნულ დონეზე ამ კონვენციის ეფექტიანი გახორციელების მხარდაჭერა და, ამ მიზნით, კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მიწოდება.

კონფერენციის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმო ლანსაროტის კომიტეტის მონიტორინგის პირველი რაუნდის შედეგებს, რომლებიც ეძღვნებოდა ბავშვების დაცვას იმ სექსუალური ძალადობისგან, რომელსაც ადგილი აქვს  ნდობის წრეში; ასევე – ლანსაროტის კომიტეტის რეკომენდაციების გახორციელების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის მეორე რაუნდის მიმოხილვა, რომელიც ეძღვნება სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით.

“ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის შესახებ”, რომელიც. ასევე. ცნობილია. როგორც “ლანსაროტის კონვენცია”, საქართველოში 2015 წელს შევიდა ძალაში. ლანსაროტის კონვენცია არის ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, ამ დანაშაულების პრევენციასა და დამნაშავეთა დასჯას. ლანსაროტის კონვენციის გახორციელებით, საქართველოს წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

კომენტარები

კომენტარი