აუდიტმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღურიცხავი 41 ობიექტი მოიძია

0

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების არასრულ სიაზე მიუთითებს.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აუდიტის ჯგუფმა საცნობარო ვებგვერდზე მოიძია ბოლო წლებში უწყვეტად ფუნქციონირებადი 231 ობიექტი, რომელიც თავისი ფუნქციით ზედამხედველობას ექვემდებარებოდა. აქედან, 41 ობიექტი (18 პროცენტი) სამსახურს აღრიცხული არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება არ ჩატარებულა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს რესტორნებისა და სასტუმროების ტიპის დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა რიგი მიზეზების გამო, უშედეგოდ.

„საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. აღნიშნული ინფორმაციის გაცემის უფლება საგადასახადო ორგანოს აქვს მხოლოდ საგადასახადო კოდექსში განსაზღვრულ უწყებებზე, რომელთა სიაში სამსახური არ იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, აუდიტის პერიოდში ინსპექტორები ობიექტებს აღრიცხავდნენ მიკუთვნებულ უბნებში ფიზიკური იდენტიფიკაციის საშუალებით, ხოლო გაუქმებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას იგებდნენ მაშინ, როდესაც ობიექტს აფრთხილებდნენ შემოწმების დაწყების თაობაზე ან უშუალოდ ადგილზე მისვლისას.

„მოსალოდნელია, რომ 2018 წელს სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, კარდაკარ აღრიცხვის პრინციპი კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი გახდება, რადგან გაიზარდა ობიექტების სია, ხოლო ინსპექტორების რაოდენობა შემცირდა. ამასთანავე, ინსპექტორები მხოლოდ თბილისში არიან განთავსებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი