წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: ვიწყებთ თანამშრობლობას სტუ-სთან, რომლის ფარგლებში, წარმატებულ სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანთ

0

“წყლის მსოფლიო დღისადმი” მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრას დირექტორის მოადგილეები – მაია გიქოშვილი, ირაკლი ურუშაძე და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, დავით გურგენიძე დაესწრნენ.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ირაკლი ურუშაძემ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ორი სტუდენტი დაასახელა, რომელიც, დასაქმების პერსპექტივით, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. მან, ლექციის მსვლელობისას, წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„პირველად ვიწყებთ თანამშრობლობას ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის მეშვეობითაც, ამ ეტაპზე, ორ სტუდენტს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანთ. ყველანაირად ვეცდებით, ჩავრთოთ იმ პროექტებსა და მიმდინარე სამუშაოებში, რაც დღეს ხორციელდება. გვინდა, რომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კომპანიაში მოხდეს მათთვის გამოცდილების გაზიარება. დავიწყებთ სტუდენტებისთვის ინფოტურებს; დავათვალიერებინებთ ობიექტებს, რათა დავაინტერესოთ ახალგაზრდები, თუ რა ტიპის პროექტები ხორციელდება წყალმომარაგებასა და კანალიზაციის დარგში, თუ რაოდენ საინტერესოა დღეს ეს სფერო“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
დირექტორმა სტუდენტებს კომპანიის თანამშრომლები წარუდგინა, მათ შორის – ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლევან წურწუმია, რომელიც მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღავნელობს.
შეხვედრის დასასრულ,  დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი