სოფო კილაძე: სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას “ბავშვის უფლებათა კოდექსი” წარმოადგენს
„სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებასა და პრიორიტეტულობას წარმოადგენს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” პროექტი, რომელიც, ამჟამად, პარლამენტშია ინიცირებული“, – ამის შესახებ სოფო კილაძემ ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში “ლანსაროტის კონვენციის” გახორციელებას ეძღვნებოდა.
კონვენცია, რომელსაც საქართველო 2014 წელს მიუერთდა, ითვალისწინებს წევრ ქვეყნებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს.
თავის გამოსვლაში, სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ბავშვის ინტერესების სფეროს მიკუთვნებული საკითხების მულტიდისციპლინარული მიდგომებით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე. მან, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან დაცვაზე, როგორც ერთ-ერთ აქტუალურ გამოწვევაზე.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის” ერთ-ერთი ცენტრალური თემაა ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, რომლის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია. პროექტით, გათვალისწინებულია მთელი რიგი პრევენციული პროგრამები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა დაცვას ამ კუთხით. ვფიქრობ, პროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ ვერ ხდება სექსუალური ძალადობის, ან ექსპლუატაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება დამნაშავისგან, მაშინ ამ ვალდებულებას სახელმწიფო იღებს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ბავშვის უფლებებზე ზრუნვის პროცესში კოორდინაციის როლზე როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე – სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ევროსაბჭოს როლი საქართველოში ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის პროცესში და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის საქართველოს ოფისს გაწეული მუშაობისთვის.