“არავინ დატოვო… მიღმა”, – “დაუნის სინდრომის დღესთან” დაკავშირებით, თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართება

0

რეპუტაციის მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „რემაინდერი“, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან: კომპანია „სმარტ პროჯეკტს“ და სოციალური საწარმო „ბაბალე“-სთან ერთად, 21 მარტს, “დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებით, მხარდამჭერ აქციას მართავს, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
“2019 წლის მსოფლიო გზავნილია – “არავინ დატოვო…მიღმა”. მეტი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, აქცია ქუჩაში გაიმართება, რათა მართლაც არავინ დარჩეს მიღმა…” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქციის ფარგლებში, თსუ-ის პირველ კორპუსთან და მეტროსადგურ „თავისუფლებასთან“, განთავსდება ჭრელი წინდებით ბრენდირებული ფოტოსა და GIF-ის გადამღები აპარატები და პორტალები, რომელთა მეშვეობითაც ერთმანეთისგან დაშორებულ პირებს შორის ინტერაქციაა შესაძლებელი. ქუჩაში გამვლელების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე პორტალებთან მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანკა კალატოზიშვილი და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე იმუშავებენ, რომლებიც, წინასწარშემუშავებული კითხვარების მიხედვით, გამვლელებს დაუნის სინდრომის შესახებ კითხვებს დაუსვამენ და ბოლოს მათ სიმბოლურ საჩუქარს გადასცემენ – „ბაბალეს“ ჭრელ წინდებს. აქციის ფარგლებში, ფოტოსა და GIF-ის გადაღება და მისი სოციალურ ქსელში განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აქციის საინფორმაციო მხარდამჭერი მედიაჰოლდინგი „კვირა“ და კომპანია Global Cinema Production-ია

კომენტარები

კომენტარი