ირაკლი გოგავა: ,,მედიის განვითარების ფონდის” კვლევა პროფესიონალიზმში მოიკოჭლებს

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის” კვლევა – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება” პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მხრივ მოიკოჭლებს.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გოგავა ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებს.

„როდესაც ნებისმიერ კვლევაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რა წერია კვლევაში და ვინ აკეთებს მას. ანალიზი აღნიშნული ორი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება გაკეთდეს. პირველი – აქ კვლევაში კომპეტენციის დონე მოიკოჭლებს. წავიკითხე კვლევა და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს აშკარად. მთავარი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. კვლევა გაკეთებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ვერ იქნება ემოციურად ობიექტური. წესით, მსგავსი ფორმატი „სოროსის ფონდის” მიერ არ უნდა ფინანსდებოდეს, სწორედ ინტერესთა კონფლიქტის გამო.

ფაქტობრივად, ორგანიზაციები მოითხოვენ მხოლოდ მათი რწმენის, მესიჯების გაჟღერებას. ისინი მხოლოდ სიტყვიერად ქადაგებენ თავისუფლებას, პლურალიზმს, მაგრამ ფაქტიურად, მხოლოდ მათი მესიჯების მათი  რწმენის გაჟღერებას მოითხოვენ მედიასივრცეში და პოლიტიკურ სივრცეშიც. ამასთან გვაქვს საქმე”, –  განაცხადა ირაკლი გოგავამ.

ამასთან, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელის შეფასებით, რებრენდინგის შემდეგ საქართველოს პირველი არხისადმი ნდობა იზრდება.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რებრენდინგის შემდეგ ცალსახაა, რომ მისი ნდობა იმატებს. კვლევის ავტორები და დონორებიც ამჩნევენ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ 2020 წლისთვის საზოგადოებრივი არხი იქნება საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ქართულ მედიასივრცეში. როგორც ჩანს, ეს ნეოლიბერალურ წრეებს ურღვევს იმ წესრიგს, რომელიც მათ წლების განმვალობაში შექმნეს ქართულ მედიასივრცეში და სურთ, ეს თავიდან აირიდონ”, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ხორციელდება, რომელიც არ შეჩერდება, პირიქით, შესაძლოა, ამისთვის მეტი დაფინანსებაც გამოიყოს.

„მაუწყებელზე მიდის პირდაპირი პრესინგი, რომ დაემორჩილოთ იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ნეოლიბერალური ჯგუფები ფიქრობენ რომ სწორია. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი სიმართლის თქმა და პლურალიზმი. მათთვის მთავარია, გააჟღეროთ მათი იდეები და მოსაზრებები. თქვენზე ზეწოლა არ შეჩერდება, დაფინანსებაც ბევრი აქვთ. უფრო მეტ დაფინანსებას გამოყოფენ სხვა პროექტებზე, თქვენს კრიტიკაზე, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ირაკლი გოგავამ.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება”. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი”, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი”. კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის” სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი