“ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის რევანში სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც, თავის დროზე, სასამართლო ხელისუფლებას ასე ლამაზად აკონტროლებდა”

„არ უნდა მივცეთ არავის რევანშის საშუალება და არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკური  შტურმის გახორციელების საშუალება, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

უმრავლესობის სახელით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა წარმართულ სამუშაო პროცესსა და იმ პრინციპებზე, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა კანონპროექტი. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

„თავის დროზე, როცა ვამზადებდით კონსტიტუციას, სამ რამეში არ გავიზიარეთ ევროსაბჭოს რეკომენდაციები. პირველი – ეს იყო პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს ფორმირებაში. გახსოვთ, რომ მთელი დისკუსია დაგვჭირდა ვენეციის კომისიასთან ამასთან დაკავშირებით, და მათ შორის, კონტექსტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს უნდა დარჩენოდა როლი უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესში. მეორე – ეს იყო ორი მესამედით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესება. ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, ზოგადად, რომ მოსამართლე წევრების როლი უნდა იყოს გამოკვეთილი იუსტიციის საბჭოში. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება. გამომდინარე იქედან, რომ 9 არის მოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში, გამოდის ისე, რომ თუ ერთი არა მოსამართლე წევრი წავა წინააღმდეგი, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება იბლოკება. აქაც ჩვენ წავედით, რეალურად, კონტექსტის გათვალისწინებით ევროსაბჭოს ზოგადი რეკომენდაციების წინააღმდეგ და ჩვენ გადავავადეთ უვადო განწესების წესი რამდენიმე წლით, 2024 წლის ბოლომდე. ამ სამ რამეში არ გავიზიარეთ ჩვენ ევროსაბჭოს რეკომენდაციები და, როგორც გაირკვა, საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის იქეთ, რა თქმა უნდა, რაიმე ფორმით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა არის გაუმართლებელი. კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება კიდეც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონტექსტზეც და აღნიშნა, რომ დეკემბერში წარმოდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოების გარკვეული სეგმენტის ობიექტური კრიტიკა გაითვალისწინა და პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს იყო მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება. ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ  ათკაციანი სიის წარდგენისას, საბჭომ ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით იხელმძღვანელა.

„გამოვაცხადეთ იმთავითვე, რომ არ განვიხილავდით ამ ათკაციან სიას და დავიწყებდით მუშაობას პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერაზე. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნება. ათკაციანი სიის წარმოდგენისას,  საბჭომ იხელმძღვანელა იმ ტრადიციითა და პრაქტიკით, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში წლების მანძილზე. როგორც გახსოვთ, პრეზიდენტები წარადგენდნენ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და არასდროს ამას არ შეხვედრა კრიტიკა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, რომლებიც არიან დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და რომლებიც დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი, თავის დროზე, ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, ზოგადად, პროცედურას კონსტიტუცია აწესრიგებს, რომელიც კონსტიტუციურ ძალაუფლებას ორ ორგანოს – საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს. მისივე თქმით, კანონპროექტი სწორედ ამ ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში უნდა მომზადდეს.

„ზუსტად ამას ეფუძნება ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. ამ ჩარჩოში ჩვენ მიზნად დავისახეთ ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა, რომელიც იქნებოდა რამდენიმე საფეხურიანი და ამ საფეხურებს აქვს ის დატვირთვა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაკვირვების სათანადო საშუალება. ეს იყო მთავარი ამოცანა, როდესაც საფეხურებზე იყო საუბარი და ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტებსაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არცერთ ქვეყანაში დადგენილი არ არის.

„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. აქ ვიღაცებმა „უპრეცენდენტო” სხვანაირად გაიგეს. „უპრეცენდენტო” არ არის „ძალიან”-ის სინონიმი. „უპრეცენდენტო” ნიშნავს, რომ ანალოგი არ აქვს ამ პროცედურას, არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე. ზუსტად ამას ვგულისხმობთ ჩვენ. არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე. არცერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის დადგენილი არ არის. ამაზე თამამად შეგვიძლია ჩვენ საუბარი. მათ შორის, არსად არ გვხვდება რამდენიმესაფეხურიანი კენჭისყრა. ზუსტად იმისთვის, რომ უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო პროცედურა, შემოვიღეთ ჩვენ რამდენიმე კენჭისყრა. თუ რამდენიმე კენჭისყრა იწვევს გაუგებრობას, შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ერთ კენჭისყრას, რაც დეკემბერში იყო კრიტიკის საგანი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, აშკარად ჩანს ოპონენტების შიში კვალიფიკაციის კრიტერიუმის მიმართ და სწორედ ამას ეფუძნება მათი მოთხოვნა გამოცდის ამოღების შესახებ. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს – ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები გაიზიარა და „კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად არის გათვალისწინებული”.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცადა, ყველა ის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინა, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში თავსდებოდა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტის მეორე მოსმენამდე იქნება წარმოდგენილი და იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისია რეკომენდაციების წარმოდგენას ამ ვადაში ვერ მოასწრებს, მმართველი გუნდი მზადაა, საკითხის განხილვა კიდევ 2 კვირით გადაწიოს.

„გვაქვს მოლაპარაკებები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით; უფრო მეტიც, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და დღესაც შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ თუ ორ კვირაში არ მოესწრება ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენა, ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, ორ კვირაში მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება იმიტომ, რომ კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს გაჭიანურებამ უზენაეს სასამართლოში. ივნისში რჩება 8 მოსამართლე, რაც არის კატასტროფა. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ორი კვირით გადავწიოთ საკითხის განხილვა, თუ ვენეციის კომისია ორ კვირაში ვერ მოასწრებს საკუთარი დასკვნების და რეკომენდაციების წარმოდგენას”, –  აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან იკვეთება  პოლიტიკური ინტერესები და ჩანს, თუ ვის მიერ არის ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე.

„მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და მიზანი არის კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ბრძოლა ჩვენს ოპონენტებთან ერთი ინსტიტუტისთვის, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ჩვენ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ. ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის, სასამართლოს ინსტიტუტისთვის, ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშსა და მის მიერ კონტროლის მოპოვებას, რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არავითარ შემთხვევაში დასრულდება ჩვენი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემაში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.

„ჩვენ ამ მონაპოვარს, ბუნებრივია, უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის რევანში სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც, თავის დროზე, ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში – იუსტიციის სამინისტრო, ზურაბ ადეიშვილი როგორ აკონტროლებდა სრულად სასამართლო ხელისუფლებას და როგორ იყო სასამართლო ხელისუფლება ბიზნესის რეკეტის, ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფის ერთერთი უმთავრესი ინსტრუმენტი”, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის შემოთავაზებები, რომლებიც ოპოზიციამ პარლამენტში წარმოადგინა, საუკეთესო ინსტრუმენტია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის.

„დავუშვათ, რომ დაბრუნდა ავტორიტარული მმართველობა საქართველოში. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, როგორ დაიმორჩილებს ის სასამართლოს. ზუსტად ისეთი კანონპროექტებით, რომელიც აქვთ ინიცირებული ჩვენს ოპონენტებს. ამიტომ ვამბობ, რომ წინ უნდა გავიხედოთ. რას გააკეთებს, თუ უნდა ავტორიტარულ მმართველობას სასამართლოზე კონტროლის დაბრუნება. ის გაზრდის კვორუმს იუსტიციის საბჭოში, მაგალითად, შემოიღებს სრულ კონსენსუსს ან ორჯერ ორ მესამედს, ან ნებისმიერ წევრს მისცემს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას. ესეც იქნება დამორჩილების ერთერთი კარგი საშუალება. ან უზრუნველყოფს საბჭოში შესული სიის ავტომატურ გადმოგზავნას პარლამენტში – ესეც შესანიშნავი ინსტრუმენტია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ანულირებისთვის. გააუქმებს გამოცდის მოთხოვნას იმისთვის, რომ არაკვალიფიციური მაგრამ პოლიტიკურად ლოიალური კანდიდატები შეიყვანოს უზენაეს სასამართლოში, საბჭოს წევრებს არ მისცემს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას, შემოატანინებს საბჭოს სამჯერ მეტ კანდიდატს პარლამენტში და ასე შემდეგ. ის  შემოთავაზებები, რომლებიც აქვს წარმოდგენილი ოპოზიციას, არის საუკეთესო ინსტრუმენტები  მართლმსაჯულების დამორჩილებისათვის. ამიტომ, წინაც გავიხედოთ. არ დავუშვათ ჩვენი სეთი საშიში პრეცედენტი, რომელიც მომავალში რომელიმე ხელისუფლებას  მისცემს მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობის ხელყოფის საშულებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხშირად ისმის ტერმინი „კლანი”. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე,  კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

„გიორგი პაპუაშვილი იყო კლანის ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთერთ კოლეგიაში და ამ კოლეგიას აწერდა ყველა საქმეს, რაც იყო პოლიტიკურად სენსიტიური.  იყო ნამდვილი კლანი ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. მაშინ განიხილებოდა, 2016 წელს პარლამენტში კანონი, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ კვორუმი გაიზარდა საქმეთა გადაწყვეტის და გახსოვთ, რომ რიგი იდგა ე.წ. ენჯეოების, ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა შეეტანა სარჩელი და ვის უნდა გაეკრიტიკებინა შესაბამისი ინიციატივა. მხოლოდ და მხოლოდ კვორუმის გაზრდაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კლანი თუ სადმე არის, თუ რეალურად არის სადმე კლანი, იმ კლანის დასაცავად ეს არის ხოლმე ნაცმოძრაობის ნარჩენი კლანები, იმ კლანების დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას” უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა და, იმავდროულად, შეუძლებელი იყო პერსონალური ცვლილებების გახორციელება, რადგან მმართველი გუნდი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებდა.

„მაშინ, იყო მიღებული გადაწყვეტილება. ეს იყო, რეალურად, იძულებითი გადაწყვეტილებაც, რომ არსებული კორპუსის პირობებში გაჯანსაღებულიყო სისტემა და, რეალურად, ეს მიზანი იქნა მიღწეული. აქ ხშირად ხდება ხოლმე არასწორად  ციტირება. სიტყვებსაც კი ამახინჯებენ, თითქოს, ვიღაცები იყვნენ ცუდები და გახდნენ კარგები. თითქოს ასეთი რამ ითქვა. ჩემზე არის, ამ შემთხვევაში, საუბარი. საუბარია უმარტივეს რამეზე, რაც არის კლასიკა. კონკრეტულ სისტემაში ადამიანების ქცევა შეიძლება იყოს განსაზღვრული ერთი სახით და მეორე სისტემაში შეიძლება იყოს განსაზღვრული სხვა სახით. აქ არის ზუსტად ამის მაგალითი მოცემული. იმ სტატისტიკით დასტურდება ის, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. შეუძლებელი იყო სისტემის ცვლილება, პერსონალური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა, თუმცა სისტემა გაჯანსაღდა არსებითად და ზუსტად ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის დაგვირგვინება არის ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, საბოლოო ამოცანა, ადამიანის უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ემსახურება ერთადერთ რამეს-თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს სტატისტიკა არ არის მშრალი ციფრები და რიცხვები. ამ სტატისტიკის უკან დგას ათი ათასობით ადამიანი, რომლის უფლებები არის დღეს სათანადოდ დაცული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები