ქეთი ხუციშვილი: კვლევაში არ არის ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრორუსულია

„კვლევაში არ არის ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრორუსულია“, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა, „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ისაუბრა.
ამ განცხადებით, ქეთი ხუციშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა. გიორგი გვიმრაძე დაინტერესდა – მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან საომარი მდგომარეობა აქვს, რას ნიშნავს, როცა ვინმეზე ამბობ, რომ ის მტრის ინტერესებს ემსახურება და მტრის მოსაზრებები მისი არხების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციას ემთხვევა.
„იქ არ არის ნათქვამი, რომ თქვენ ხართ ანტიდასავლური, საგანგებოდ ჩავხედე. აქ საუბარია იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები, ერთი მხრივ, უყურებენ კონკრეტულ რუსულ არხებს, რომლებიც პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. სამწუხაროდ, ეს მიდის ჩვენს უმცირესობამდე და ქართველებამდეც. შემდეგ უყურებენ, რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. შოთა თხელიძის მიერ ირანზე მომზადებულ სიუჟეტში – “1978 წლის რევოლუცია”, მე მგონი, რაღაც ძალიან ისეთ ტონშია გამოყვანილი. შემდეგ, ამერიკულ იმპერიალიზმზეა საუბარი და შემდეგ იმაზე, რომ საწყალ ირანს სხვა გზა არ დარჩენოდა. თქვენ გადასარევად ერკვევით საერთაშორისო პოლიტიკაში და, ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რა ხდებოდა მაშინ და ზუსტად რევოლუციის შემდეგ როგორ ეხმარებოდა რუსეთი ირანს ბირთვულ იარაღში. ეს სიუჟეტში საერთოდ არ არის ნახსენები. გამოყვანილია ისე, რომ საწყალ ირანს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ბირთვული იარაღის განვითარებისა და ამაში ხელს უშლიდა ამერიკული იმპერიალიზმი“, – განაცხადა ხუციშვილმა.
გიორგი გვიმრაძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ აღნიშნული სიუჟეტი აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლაზე იყო და მისი ეს შეფასება კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.
„პირველი არხის“ ანალიტიკოსმა, მათე გაბიცინაშვილმა კი აღნიშნა, რომ კვლევის ავტორთა შეფასებები საკითხის აბსოლუტურად არცოდნასა და ტოტალურ არაკომპეტენტურობას აჩენს.
ქეთი ხუციშვილმა მათე გაბიცინაშვილის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ ტოტალურ არაკომპეტენტურობას ვერ დააბრალებს; თუმცა, მასაც მიაჩნია, რომ გარკვეული შეცდომები არის.
საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“.
კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები