ქეთი ბოჭორიშვილი ჩინელ ინვესტორებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ჩინური კომპანია Harbin Electric Group-ის ვიცე-პრეზიდენტსა და China Harbour Engeneering-ის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორები თბილისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. კომპანიები საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არიან დაინტერესებული.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ჰესებისა და პორტის მშენებლობას. კომპანია Harbin Electric Corporation დაინტერესდა ასევე მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტით და სურვილი გამოთქვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამონაწილეობის კუთხით ჩართვაზე. დელეგაციას თან ახლდა ბელგიელი ბიზნესმენი ბენჯამინ ვან ოდენჰოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ -მინისტრისთვის ჰარვარდ კლუბის მიერ ორგანიზებულ სადილს ესწრებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინელი ინვესტორები შეხვედრებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში გამართავენ. სტუმრები შეხვდებიან საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელებს.
Harbin Electric Corporation ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საზღვარგარეთ ელექტროსადგურების აღჭურვილობებს აწარმოებს და ყიდის. კომპანიის წლიური შემოსავალი 3,36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება კომპანია China Harbour Engeneering-ს, ის 1980 წელს დაარსებული კომპანია China Communications Construction-ის ფილიალს წარმოადგენს. კომპანიას მსოფლიოს 80 ქვეყნის მასშტაბით 60- ზე მეტი ფილიალი გააჩნია. კომპანია ძირითადად ტრანსპორტის მიმართულებებზე, გრუნტის ამოღებასა და გზებისა და ხიდების მშენებლობაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები