მამუკა სალუქვაძე: ქალაქის განაშენიანებულ ნაწილს რეკრეაციული ტერიტორიები დაემატა

ქალაქის განაშენიანებული ნაწილის შიგნით რეკრეაციული ტერიტორიები დაემატა და თავისი სახელი დაერქვა იმ ტერიტორიებს, რომელთაც არასწორად ჰქონდათ დადებული რეკრეაციული ზონის სტატუსი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძე გენგეგმასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კომენტარებს გამოეხმაურა.
„მე ვუსმინე ბატონი ირაკლი ნადირაძის გამოსვლას. 2 დღის წინ იყო გაერთიანებული კომისიების სხდომა, სადაც ბევრი მსჯელობა მიდიოდა გენგეგმის პროექტის საბოლოო სახესთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით არსებითად არ იყო, იქ იყო რაღაც პრეტენზიების გამოთქმა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები არის, ხომ არ არის რაღაც ხვრელები დარჩენილი იმისათვის, რომ მერმა ზონების ცვლილება თავისით მოახდინოს და არა იმ სახით, როგორც ეს იყო ადრე, როცა საკრებულოს გადაეცემა ხოლმე მერიის წარდგინებით და საკრებულო ამტკიცებს. შემიძლია, ვთქვა, არ არის ასეთი ხვრელი დარჩენილი.
ასევე, როცა საუბარია იმაზე, რეკრეაციული ზონების მატება არ მოხდაო, უნდა გავითვალსიწინოთ ერთი რამ – 12 000 ჰექტარს, ადრე რეკრეაციის მიერ დაკავებულს, დაედო სატყეო ზონა, ანუ კიდევ უფრო მკაცრი ზონა. აქედან გამომდინარე, რეკრეაციას შეუმცირდა ტერიტორია, იმიტომ რომ სატყეო დაედო, მაგრამ ეს ყველაფერი დაბალანსებულია იმით, რომ ქალაქის განაშენიანებული ნაწილის შიგნით გაჩნდა და მოინიშნა ახალი ტერიტორიები, რომლებიც ამ ბალანსს ძველ ბალანსთან რაღაცნაირად ფარდობაში მოიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირიქით, დაემატა რეკრეაციული ტერიტორიებიც, ქალაქის განაშენიანებული ნაწილის შიგნით და თავისი სახელი დაერქვა იმ ტერიტორიებს, რომელსაც არასწორად ჰქონდა დადებული რეკრეაციული ზონის სტატუსი. ის, რაც სატყეოა, იმას თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამ ბალანსში, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული ის მცირე ტერიტორიები, შიდაკვარტალური გამწვანებული ტერიტორიები, რომელზეც მუდამ იყო ლაპარაკი, რომელზეც ცალკე თემატური რუკა არსებობს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, გენგეგმის დამტკიცება საკრებულოში ხვალ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები