სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

„მიმდინარე თვიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისვე განმარტებით, მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვის კვების სპეციალურ ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.
„თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები