ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან საქმიანი შეხვედრა კასპიის რეგიონის წარმომადგენლებმა გამართეს

13 მარტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მორიგი შეხვედრა გამართეს ანაკლიის პორტის პარტნიორმა ნავსადგურებმა და საზღვაო ოპერატორებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან.
სტუმრები გაეცნენ ანაკლიის პორტში მიმდინარე სამშენებლო პროცესს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და რეგიონის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. მხარეებმა განიხილეს კასპიის ზღვაზე მიმდინარე სიახლეები, მათ შორის უწყვეტი სატრანზიტო მიმოსვლისთვის აუცილებელი ე.წ. „ფიდერების“, ანუ საკონტეინერო გემების დამატების საკითხი.
„ანაკლიის პორტის პროექტს სწორი გეზი აქვს აღებული. დღეს ჩვენი დერეფანი საქართველოს ნაწილში განვითარებას საჭიროებს და ეს, ინფრასტრუქტურის გაუმართაობით არის განპირობებული. შევხედოთ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მოლოდინებს, რა მოცულობის ტვირთის გადაზიდვაზეა საუბარი ჩვენი საერთო დერეფნის გავლით, ნათლად დავინახავთ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა და ანაკლიის როლი აქ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ყაზახეთის პორტის – აქტაუს კომერციულმა მმართველმა მარტინ ვოეტმანმა.
კასპიის ზღვის რეგიონის პორტები და საზღვაო ორგანიზაციები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარტნიორები არიან. ბაქოს, კურიკის, აქტაუსა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2017 წელს გაფორმდა. 2018 წელს კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ (TITR) ასოცირებული წევრიც გახდა. TITR-ი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს და მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები