ეკა ბესელია: მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტი არის ვერსია, რომელიც, ალბათ, მარტო იუსტიციის საბჭოს წევრებს მოეწონებათ

ირაკლი კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებული მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტი არის ვერსია, რომელიც, ალბათ, მარტო იუსტიციის საბჭოს წევრებს მოეწონებათ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი სახიფათო საკითხი ისაა, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოსამართლის გამოცდა ჩაბარებულ პირებს შეუძლიათ.

„მართალია, წერია, რომ შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ, ვაკანსიაზე განცხადების შეტანიდან ოთხი კვირის ვადაში ჩააბარონ, მაგრამ ეს ძალიან უცნაური ჩანაწერია. მე არ ვიცი, ასეთი ჩანაწერი საერთოდ რომელი ქვეყნის მოდელშია და კარგი იქნება, თუ მიგვითითებენ, ასეთი ჩანაწერი რომელ ქვეყანას აქვს. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის დროს, არასდროს არ ყოფილა წინაპირობა, რომ კანდიდატს მოსამართლის გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მსგავსი მოთხოვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც არ არის, როდესაც მოსამართლეებს სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ.

„ის, რომ პირმა კონკურსის წინ გამოცდა სახელდახელოდ, სასწრაფოდ უნდა ჩააბაროს, არის ბარიერი და ძალიან უცნაური ფორმულირება. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ კანდიდატთა სია შემოისაზღვროს ან მოქმედი მოსამართლეებით, ან სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებით. აბა, რას ნიშნავს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასვლია?! ათ წელს უკან თუ გადავითვლით, ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, რა პერიოდიც ყველაზე კრიტიკულადაა შეფასებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და მათ შორის, ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტში ყველგან წერია, რომ თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატების პირობებში უპირატესობა ენიჭება იმას, ვისაც მოსამართლედ პრაქტიკული მუშაობის მეტი გამოცდილება აქვს, რაც ასევე სახიფათოა.

„ეს მოსამართლედ მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, იმ ავადსახსენებელ წლებში, არ არის ჩვენთვის სასახელო, თუ სატრაბახო გამოცდილება და ამიტომ, ესეც სახიფათოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები