ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რუსლან აბაშიძის თქმით, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

აღნიშნულ პროცესში ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინერობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი ექსპერტიზა“, – აღნიშნა მან.

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენების პროცედურას დაესწრო სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძე. მან დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა და არც ის დააკონკრეტა, რა კანონიერი პროცედურები ჩატარდა ცხედრის გადმოსვენების დროს.

„აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები ცხედრის გადმოსვენების პროცესში, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა ჩატარდა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც კი კონკრეტულად გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, – უთხრა ჟურნალისტებს ანთიძემ.

ენგურის ხიდზე იმყოფებოდა დევნილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რომელმაც თქვა, რომ ის პროცესს მხოლოდ ესწრებოდა და დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. გიორგაძის განმარტებით, ის სენაკში, გარდაცვლილის შვილის მონახულებას აპირებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე რეანომობილით დღეს საღამოს გადმოასვენეს და თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები