რა კვლევა ჩატარდა გვარების წარმომავლობის დასადგენად, სამეფო ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ-დამატებითი დეტალები

ბაგრატიონების სკანდალური საქმის ირგვლივ „კვირამ“ ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ცნობილი გახდა, ბაგრატიონების გვარის გენოტიპის შესწავლა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწლიდან 1 წლის შემდეგ დაიწყეს.
„ნუგზარ ბაგრატიონს გააჩნია უძველესი და უნიჭიერესი ქართული გენოტიპი“, – ამის შესახებ „კვირას“ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ეთნოგენეტიკური პროექტის დირექტორმა, გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, რომელიც სამეფო გვარების კვლევის იდეის ავტორია.
ამასთან, გიორგი ანდრიაძემ კატეგორიულად უარყო ადვოკატ ლევან ჩხეიძის სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონის მიმართ გაავრცელა და აღნიშნა რომ ის სიხარულიძეა.
მისივე თქმით, ადვოკატის ინფორმაცია სრული აბსურდია.
როგორც „კვირას“ ეთნოგენეტიკური პროექტის დირექტორმა, გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, ისტორიული გვარების გენეტიკური კვლევის პროექტი 2010 წელს დაიწყო და 1200 საისტორიო გვარის კვლევა ჩატარდა.
მისივე თქმით, გამოკვლეულ გვარებს შორის იყვნენ ბაგრატიონებიც.
„ის, რაც დღეს ადვოკატმა განაცხადა, არის სისულელე და აბსურდი. ნუგზარ ბაგრატიონის გვარი მიეკუთვნება უძველეს ქართულ გენოტიპს, ცნობილი ნიჭიერი გვარის მატარებელი არის. ამ გვარის გენოტიპები, როგორიც იყო ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე და ბევრი სხვა ცნობილი პიროვნება. ნახევარ ქართველ გენოტიპს ეს გენი აქვს და ახასიათებს. არანაირი სიხარულიძე და არანაირი სამხარაძე არ არის, ბაგრატიონი. გენეტიკური კვლევა არის ზუსტი მეცნიერება და ადგენს გენოტიპს. თუ რომელ გვარს რომელი გენოტიპი მიეკუთვნება ეს უკვე კომპლექსური კვლევის შედეგია. სხვათა შორის, ზოგიერთ სხვა გვარს, მაგალითად, ციციშვილების სხვადასხვა წარმომადგენელს სხვდასხვა გენოტიპი აღმოაჩნდათ. ჩვენ ვსწავლობდით ქართულ გენოტიპს და არა კონკრეტულად ბაგრატიონთა წარმომავლობას. შესაბამისად, ეს კომპლექსური კვლევის ჩატარებაა ამ ეტაპზე საჭირო. ჩვენ მონაცემები გვაქვს გენოტიპზე, ეს არის კონფიდენციალური და მესამე პირს ან საზოგადოებას არ მივაწვდით“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ანდრიაძემ.
კითხვაზე, რატომ დასჭირდა ადვოკატს საპატრიარქოს ამ კონტექსტით მოხსენიება, გიორგი ანდრიაძე პასუხობს:
„როგორც ჩანს, ადვოკატს სურს, ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართვა ისე, როგორც სხვა პროცესებში და ნებისმიერი სკანდალი მიმართული არის ხოლმე ქართული ინსტიტუციების სახელის შელახვისკენ. ამ შემთხვევაში, საპატრიარქო საერთოდ არაფერ შუაშია“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს, რომელი შტოა ნამდვილად მეფური წარმომავლობის. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
“სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები