ნათია თურნავა: „გაზპრომთან” მოლაპარაკებების შედეგად ქართულმა მხარემ ორ პოზიციაში საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია „გაზპრომთან” რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები იყო საკმაოდ რთული და ხანგრძლივი, თუმცა, ქართულმა მხარემ მიაღწია საგრძნობ გაუმჯობესებას ორი პოზიციით – გაიზარდა სატრანზიტო საფასური, რომელსაც „გაზპრომი” საქართველოს გადაუხდის და შემცირებულია რუსული გაზის ფასი, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით.
„ჩვენ ვხელმძღვანელობდით 2 ძირითადი პრინციპით – პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. მეორე ამოცანა იყო პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან.” რაც შეეხება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი – მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით ანუ აზერბაიჯანი გაზის სფეროში კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად, უფრო მეტიც – აზერბაიჯანული გაზის წილი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების კვალობაზე და საქართველოს, როგორც სატრანზიტო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანას გააჩნია სრული საკუთარი რესურსი, რომ მოსახლეობა, სოციალური სექტორი და ელექტროენერგიის წარმოება მოამარაგოს აზერბაიჯანული გაზის წყაროთი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება მეორე ამოცანას, რომელიც საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას გულისხმობდა „გაზპრომთან” შეთანხმებაში, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მიზანიც მიღწეულია.
“ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ საგრძნობ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით – სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით”,- აღნიშნა თურნავამ.
მისივე განმარტებით, „გაზპრომთან” შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს.
„2 წლის წინ შეთანხმება ამ ფორმატში იყო დადებული და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხელშეკრულებას და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და იმოქმედებს 2019-2020 წლების განმავლობაში” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები