ირაკლი ღარიბაშვილი: დიასპორა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს
ქართული დიასპორის პოტენციალი ქვეყანამ სათანადოდ უნდა გამოიყენოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე “ქართული დიასპორის დღეები 2014” განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დაიწყონ მუშაობა მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს. “ჩვენ ქართული დიასპორის პოტენციალი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ.
მინდა დავავალო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დაიწყონ ფიქრი და მუშაობა ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს. მეგობრებო! ჩვენ მიზანია ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება მეტი განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი. საზღვარგარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბებით ჩვენ ხელს შევუწყობთ წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში შეძენილი ცოდნის გამოყენებას საქართველოში. ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გაიარონ, რათა კარგად დაინახონ ჩვენი ქვეყნის საჭიროებები და, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა საკუთარ სამშობლოს მოახმარონ, ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ოცნებაა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მალე დაბრუნდნენ ისეთ სამშობლოში, როგორიც ყველას წარმოგვიდგენია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
“ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს დიასპორას ვუსურვებ მათი და ჩვენი ყველაზე დიდი ოცნების ახდენას – საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და მოწინავე ქვეყნად გადაქცევას, მათ ღირსეულ დაბრუნებას სამშობლოში და აქ საბოლოოდ დამკვიდრებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.