ეკა ბესელია: “თი-ბი-სი ბანკის” საქმე იმსახურებს, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და მიუკერძოებელი არბიტრი და მედიატორი გახდეს

“თი-ბი-სი ბანკის” საქმე იმსახურებს იმას მაინც, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და გახდეს ამ პროცესში მიუკერძოებელი არბიტრი და მედიატორი“, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ “თი-ბი-სი ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ბიზნესის ხმა არ ესმის, პარლამენტმა კი ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია უნდა იტვირთოს.
“ის ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, მე არ მგონია, რომ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. არ შეიძლება გააუბრალოო საკითხი და საზოგადოებას დაანახო, რომ შენთვის სულ ერთია, ვინ და რაზე წუხს. არის ეს სამდურავები, არამარტო “თი-ბი-სის” საქმეზე, არამედ სხვა ეპიზოდებიც გამოჩნდა. ეს არის სიგნალები, რომლებიც საჭიროებს დაფიქრებას და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, არ დაადგება კარგ გზას. პარალელების გავლება არ მინდა, არ მინდა შევადარო ავბედით წარსულს, როდესაც ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე არ ხდებოდა მაკონტროლებელი ორგანოების რეაგაირება. პარლამენტი ნუ გახდება მხარე, არამედ პარლამენტი გახდეს ნეიტრალური მაკონტროლებელი ორგანო, დადგეს ყველაფერზე მაღლა. გამოავლინოს, თუ სიცრუეა. დაიდება, რომ ეს არის შექმნილი ზღაპარი და თუ აქ რაიმე რეალობასთან გვაქვს საქმე, შესაბამისი დასკვნა დაიდოს და რეაგირება მოხდეს. მე არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარი, არ ვღებულობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები