არჩილ თალაკვაძე: „თი-ბი-სი ბანკს” ნუ გავაიგივებთ დღეს მიმდინარე კონკრეტულ დავასთან

„დღევანდელი მოცემულობით „თი-ბი-სი ბანკთან” დაკავშირებული საკითხი – ეს არის საკითხი, რომელიც კერძო ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობს, ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, „თიბისი ბანკს” გადახდილი აქვს კონკრეტული საჯარიმო სანქცია და ეს თემა პრაქტიკულად ამოწურულია საკანონმდებლო დონეზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რაზეც დღეს კამათი მიდის საზოგადოებაში, ეს არ არის „თიბისი ბანკის“ საქმე. „თიბისი ბანკმა“ გააკეთა განცხადება და მე ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ ბანკზე ასე ხელაღებით საუბარი და ბანკის სახელის გამოყენებას მიმდინარე დისკუსიაში ყველა მხარემ თავი დაანებოს, ამით, შესაძლოა, ბანკი დაზიანდესო. ეს ყველას ეხებოდა, მარტო ერთ მხარეს არა. ამიტომ „თიბისი ბანკს” ნუ გავაიგივებთ დღეს მიმდინარე კონკრეტულ დავასთან. გადავიდეთ მეორე საქმეზე, ეს არის ორი ბანკირი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათთან დაკავშირებული საქმე, რომელზეც არის კითხვის ნიშნები. გავყვეთ ამ საქმის მოცემულობას. ეს საქმე ამ მომენტისთვის შედგება ორი ნაწილისგან – ერთი, ეს არის ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ამ დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებული შეკითხვები, გამოძიება და კითხვები, რომელიც ამის კანონიერებას უკავშირდება და მეორე – ამბები, რომელიც ამ საქმის გარშემო არის შექმნილი. ამის აღრევა არის წარმოუდგენლად დაუშვებელი. მე ჩამოგითვლით მაგალითებს რა ამბებია. პირველი ამბავი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ინტერესი ამ ბანკის მიმართო – დღეს ეს კითხვა აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ორ დღეში გაირკვა. ამ ამბის ამოწურვის შემდეგ, შეიქმნა მეორე ამბავი, რომ „ამათ უნდათ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაძირვა, მისი შეჩერება“ – როგორც კი საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს აქვს არანაკლებ, თუ მეტი არა გაკეთებული, ვიდრე კერძო კომპანიებს და იმ ბიზნესჯგუფს აქვს დახარჯული კონკრეტული ფინანსები და ხელშესახები, აქვს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთებული, – ეს თემაც ამოიწურა. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი კითხვის ნიშანი არ დაესმის, ანაკლიის პროექტი არის ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს მხრიდან მას ამ მომენტშიც და მომავალშიც აქვს და ექნება მხარდაჭერა. არანაირი საფრთხე ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან არ ემუქრება. ეს როგორც კი გაირკვა, მერე გამოჩნდა კიდევ ახალი ამბავი, თითქოს, მთავრობის წარმომადგენელმა მუქარის ე.წ წერილი გაუგზავნა ბანკირებს. ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ და შევქმენით იმის პირობა პარლამენტში, რომ ღია საუბრის საშუალება ჰქონოდათ ბანკირებს და ეს ფორმატი შედგა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები