თურქული მედია: ქართული ტაძარი ოშკი ერზურუმში ტურიზმის ბუმს გამოიწვევს
მე-10 საუკუნის ქართული ტაძარი ოშკი აღმოსავლეთ თურქეთის პროვინცია ერზურუმში ტურიზმის ბუმს გამოიწვევს, – ამის შესახებ თურქული ონლაინ გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ამ ისტორიული ნაგებობის ძველებური დიდებულებით აღდგენაა. გამოცემის ცნობით, ეკლესია მონასტრის შემადგენელი ნაწილი იყო და ოდესღაც, ქართული დინასტიის მმართველობის დროს, ქრისტიანობის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ოშკის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.
პირველი არხის ინფორმაციით, ოშკის ტაძარი ამჟამად დაკეტილია. სპეციალური აპარატურა, რომელიც ტაძრის ყველა მნიშვნელოვან ბზარზე დამონტაჟდა, შენობის მდგრადობას ამოწმებს. ერთწლიანი მონიტორინგი შემოდგომისთვის დასრულდება.
ოშკის რეაბილიტაცია საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი იმ დოკუმენტის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.