საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიაში იმყოფება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიაში ქართული ისტორიული და რელიგიური კვალის ძიების დაწყების შესაძლებლობებს განიხილავს.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან – იაზიდ ელაიანთან საქმიან შეხვედრებს სააგენტოს გენერალური დირექტორი – ნიკოლოზ ანთიძე უწყების თანამშრომლებთან და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ზაზა კანდელაკთან ერთად მართავს.
მხარეებს შორის დარგობრივი მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად.
უძრავი ძეგლების დაცვისა და არქეოლოგიის მიმართულებით სამომავლო პარტნიორობასთან ერთად, განსახილველი თემები შეეხება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში დასაგეგმ პროექტებს, სიძველეების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტი მზადაა, „პეტრას“ არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაციის მაგალითზე საქართველოს სახელმწიფო უწყებას კლდის ძეგლების სარესტავრაციო პროცესებში მეთოდოლოგიური დახმარება გაუწიოს.
იორდანიის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფის საქმიან შეხვედრებს წინ უძღოდა მოსამზადებელი პროცესი, რომელიც იორდანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო. იორდანიის ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის მხრიდან ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ინტერესი სწორედ დეპარტამენტის გენერალური მდივანის – იაზიდ ელაიანსა და იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – ზაზა კანდელაკს შორის შეხვედრაზე გაცხადდა.
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტთან კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის დაფუძნების შესახებ საქმიან შეხვედრებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 3 მარტიდან მართავს. 1- კვირიანი ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დელეგაციას გენერალური დირექტორის მოადგილეების – პაატა გაფრინდაშვილის, დავით ლომიტაშვილის და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის – გიორგი გაგოშიძეს შემადგენლობით, სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები