„ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“ – ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, ვორკშოპი გაიმართება

6 მარტს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, „ფაბრიკაში“, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, მსოფლიოს წამყვანი ონლაინმაუწყებლის, Boiler Room-ის წარმომადგენლები  ვორკშოპს ჩაატარებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რამდენადაც დღეს მუსიკა, ისე როგორც საშემსრულებლო ხელოვნების სხვა დარგები განსაკუთრებით საჭიროებს ციფრული კონტენტის შექმნას და ონლაინმხარდაჭერას, სწორედ Boiler Room-ის წარმომადგენლები არიან ის ექსპერტები, ვინც წარმატებით ახდენს მძაფრი კონკურენციის პირობებში კონტენტის საუკეთესოდ განვითარებას და შემდგომში ამ კონტენტის პრომოუშენს.
Boiler Room-ის წარმომადგენლები ვორკშოპის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიის გაზრდასა და მარკეტინგულ საქმიანობაში მესამე მხარის ჩართვასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს წამყვანი ონლაინმაუწყებლის წარმომადგენლებს დაუსვას შეკითხვები და გააცნოს ადგილობრივი მდგომარეობა, საჭიროებები და გამოწვევები.
ვორკშოპი „ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“ ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Selector PRO-ს ნაწილია. პროგრამის მიზანია ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მუსიკალური ინდუსტრიის სფეროს პროფესიონალებისთვის.
პროგრამის იდეა წარმოიშვა ბრიტანეთის საბჭოს მუსიკალური რადიოპროგრამიდან „სელექტორი“, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიო „მწვანე ტალღაზე“ (FM 107.4). ამ რადიოპროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ნაწარმოებების, მათთან ინტერვიუების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ჩანაწერების და ინტერვიუების სახით. ეს მუსიკოსები ასრულებენ სხვადასხვა სტილის მუსიკას, როგორებიცაა ინდი, დაბსტეპი, ფოლკი, სოული, ელექტრო…
1 მარტს კლუბმა KHIDI Boiler Room-თან პარტნიორობით გამართა შესანიშნავი წარმოდგენა – საკლუბო ღამის ექვსსაათიანი ტრანსლაცია კლუბის მთავარი საცეკვაო ოთახიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ KHIDI-ს რეზიდენტები: REGAL, SHLØMO, OTHR, ROMAN, YANAMASTE, FREQUENCY SHIFTER და სპეციალურად მოწვეული EBM/Industrial დუო საფრანგეთიდან, ლეიბლ AUFNAHME + WIEDERGABE-ს ოჯახის წევრი – IMPERIAL BLACK UNIT [LIVE].

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები