პროკურორები და გამომძიებლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სწავლებას გაივლიან

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ერთობლივი სასწავლო კურსი დაიწყო.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სამთვიან სწავლებაში, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს, 20 პროკურორი და გამომძიებელი მონაწილეობს.

დისტანციური სწავლება ევროპის საბჭოს HELP–ის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განხორციელდება და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს გაეცნობიან.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სასამართლო რეაგირების გაუმჯობესებას და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კურსი 7 მოდულისგან შედგება და ფარავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს, სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან. სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

დისტანციური სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ ფარგლებში ტარდება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოორდინირებული და ეფექტიანი საქმიანობის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები